ჰანს ქრისტიან ანდერსენი

მთავარი გვერდი ბიოგრაფია ზღაპრები გალერეა

ჰანს ქრისტიან ანდერსენის
ბიოგრაფია


 ჰანს ქრისტიან ანდერსენი დაიბადა 1805 წლის 2 აპრილს დანიის პატარა ქალაქ ოდნსში, ხარაზის ოჯახში. იგი უბრალო  ადამიანების  გარემოცვაში, ჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა.  მაგრამ ანდერსენისათვის ბევრი ჩვეულებრივი ამბავი არაჩვეულებრივად  იქცა. ბავშვობაში მოხუცების  ნაამბობი მის ფანტაზიაში უმშვენიერეს ისტორიებად  გადაიქცა. ხოლო  დედის მაკრატელი -  ჯადოსნურ ნივთად, რისი მეშვეობითაც ანდერსენი ჭრიდა, აკეთებდა ნაჭრის თოჯინებს და მათ თავის სპეტაკლებში აცოცხლებდა  და ათამაშებდა.

1816 წელს ანდერსენს მამა გარდაეცვალა და იგი იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო,  მუშაობდა ჯერ ფეიქრის, შემდეგ მკერავის შეგირდად, მოგვიანებით -  თამბაქოს ფაბრიკაში.

14 წლის ასაკში, 1819 წლის 6 სექტემბერს ანდერსენი ტოვებს ოდენსს და მიემგზავრება ქალაქ კოპენჰაგენში. მისი მიზანია თეატრში მოეწყოს სამუშაოდ: მსახიობად, მოცეკვავედ ან მომღერლად - მას ხომ შესანიშნავი ხმა ჰქონდა. იგი წარმატებით გამოდიოდა სამეფო თეატრში, მაგრამ როცა მისმა ხმამ ცვლილება განიცადა,  სიმღერა მიატოვა. ამ დროისათვის მისი პიესებით დაინტერესდა სამეფო  თეატრის ერთ-ერთი დირექტორი ჯონას კოლინი. ანდერსენმა მისივე წყალობით  მიიღო  გრანტი და 1822 წელს სწავლა განაგრძო ლათინურ  სკოლაში. ხოლო 1828 წელს მოიპოვა უფლება, ესწავლა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში.

ოცი  წლის ასაკში ანდერსენმა პირველი ლექსების  კრებული გამოსცა. მისმა  ლექსბმა და ლირიკულმა  ჩანაწერებმა მალე მიიქცია ლიტერატორებისა და მათ შორის  ცნობილი დანიელი პოეტისა და დრამატურგის . ელენშლაგერის ყურადღება.

1829 წელს სამეფო თეატრში დაიდგა მუსიკალური დრამა ანდერსენის პიესის მიხედვით, რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

 ანდერსენი ბევრს მოგზაურობდა - ევროპაში, აზისა და აფრიკაში, სულ 29 ქვეყანაში იმოგზაურა. ბავშობიდან გამოყოლილი ოცნება ყველაფერი ენახა, გაეცნო  ანდერსენს  აუხდა. მოგზაურობისას მას  ყველაზე  მეტად ადამიანები აინტერესებდა. უბრალოდ  შემხვედრ  ადამიანებს ესაუბრებოდა, ეკითხებოდა მათი ცხოვრების შესახებ. იგი აგრეთვე ხვდებოდა ცნობილ  მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს. ანდერსენი  მეგობრობდა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც  იყვნენ: ვიქტორ ჰიუგო,  ჰაინრიხ ჰაინე, ბალზაკი, ალ. დიუმა, ჩარლზ დიკენსი, ვაგნერი, ლისტი. 1831 წელს პირველად გამოქვეყნდა მისი მოგზაურობის ჩანაწერები.

1835 წელს იტალიიდან დაბრუნებული ანდერსენი აქვეყნებს პირველ რომანსიმპროვიზატო,  რომელმაც  დიდი წარმატება მოუტანა  მწერალს. ამავე წელს გამოსცა  პირველი ზღაპრების კრებული. ყველაზე წარმატებული წლები ანდერსენის შემოქმედებაში 1835-1872 წლები იყო. მისი არაჩვეულებრივი ნიჭი როგორც მეზღაპრისა გამომჟღავნდა მის ზღაპრებში: ,,თოვლის დედოფალი, ,,ნამდვილი პრინცესა,  ბულბული”, ”ზღვის ფერია”, ”შიშველი მეფე”, ”მახინჯი იხვის ჭუკი”, ”კალის მედგარი ჯარისკაცუნა”, ”პატარა კლაუსი და დიდი კლაუსი” და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა არა მარტო პატარებისათვის, არამედ უფროსებისთვისაც. ზოგი ზღაპრის სათაური საანდაზოდ ქცეულა, მაგალითად ”მახინჯი იხვის ჭუკი” და ”ნამდვილი პრინცესა” - პირველი ჩრდილში მყოფ დიდ ადამიანზე და მეორე - მეტისმეტად ფაქიზ, წუნია ქალზე.

ანდერსენს სულ დაწერილი აქვს 168 ზღაპარი, 2000-მდე ლექსი, ნოველები, რომანები, მემუარები  ”ჩემი ცხოვრების ზღაპარი”.

ჰანს ქრისტიან ანდერსენი გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. მის დაკძალვას, კოპენჰაგენის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, უამრავ ხალხთან ერთად   დანიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მის ცხოვრებაზე შეიძლება მოკლედ ითქვას: დაიბადა ღარიბ, უჩინო ოჯახში და გარდაიცვალა ხალხისაგან მეფედ აღიარებული, მას ხომ ”ზღაპრების უგვირგვინო მეფეს” უწოდებდნენ.

            მადლიერმა დანიელმა ხალხმა ანდერსენს ძეგლი დაუდგა კოპენჰაგენში, სამეფო ბაღში. მისი ზღაპრები მსოფლიოს 152 ენაზეა თარგმნილი. ანდერსენის ნაწარმოებების  მიხედვით შექმნილია მხატვრული და ანიმაციური ფილმები. გამოჩენილ მეზღაპრეთათვის დაწესებულია ანდერსენის სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი.

Hosted by uCoz