ჰანს ქრისტიან ანდერსენი

მთავარი გვერდი ბიოგრაფია ზღაპრები გალერეა

 
  თოვლის დედოფალი  
    მახინჯი იხვის ჭუკი  

    ნამდვილი პრინცესა
    ნამცეცა
    ორი ყოყლოჩინა მამალი
    პეპელა
    უფლისწული გედები
    შიშველი მეფე  
    წითელი ფეხსაცმელები
    ჭორიკანა ქათმები
  

თოვლის დედოფალი

  

ამბავი პირველი,

რომელშიც მოთხრობილია სარკისა

და მისი ნამსხვრევების შესახებ

 

 

            მოდით, დავიწყოთ თხრობა! როდესაც ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით.

            იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით. თუ რომელიმე მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ, სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა.

            ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა.

            ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა. ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა, ნამცეცა ნამსხვრევები მთელს დედამიწაზე გაიფანტა, ადამიანებს თვალებში უვარდებოდათ და შიგვე რჩებოდა. ამის გამო ადამიანები ყველაფერს უკუღმა აღიქვამდნენ და ყოველ მოვლენაში მხოლოდ ცუდს ხედავდნენ - ნამსხვრევებს ხომ სარკის თვისებები ჰქონდათ. ზოგიერთი ნამსხვრევი პირდაპირ გულში ხვდებოდა, რაც ყველაზე საშინელი რამ გახლდათ: ასეთი ადამიანების თბილი გული ყინულის ნატეხად იქცეოდა. დიდ ნამსხვრევებს ფანჯრის მინებად ხმარობდნენ, საიდანაც კეთილი მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო, რადგან ისინი ავებად და მახინჯებად ჩანდნენ. ზოგიერთ ნამსხვრევს სათვალის მინებად იყენებდნენ. ვაი მას, ვინც ამ სათვალეს გამოიყენებდა, რადგან მასში ყველაფერს შებრუნებით დაინახავდა.

            ავსულს ყველაფერი ეს ისე ართობდა, სიცილით იჭაჭებოდა. დედამიწაზე კი უამრავი ასეთი ნამსხვრევი ტრიალებდა და თავის მორიგ მსხვერპლს დაეძებდა. მოდით, მათ შესახებ მოვყვეთ!

 

ამბავი მეორე

პატარა გოგონა და ბიჭი

 

            ერთ დიდ ქალაქში, სადაც იმდენი სახლი იდგა, ისე ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომ ზოგს ბაღის გასაშენებლად მიწის მცირე ნაკვეთიც არ გააჩნდა და ქოთანში მოთავსებული ოთახის ყვავილებით კმაყოფილდებოდა, ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. ისინი და-ძმანი არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი ისე უყვარდათ, როგორც ნამდვილ დას და ძმას.

            მათი მშობლები ერთმანეთის გვერდით მდებარე სახლების სხვენებში ცხოვრობდნენ, რომელთა სახურავები ერთიმეორეს თითქმის ეხებოდნენ და რომელთა შორის წყალსაწრეტი ღარი იყო გადებული. სხვენებს ფანჯრები სწორედ იმ მხარეს, ერთმანეთის პირდაპირ ჰქონდათ დატანებული. საკმარისი იყო წყალსაწრეტი ღარისთვის გადაგებიჯებინათ, რომ ერთი ფანჯრიდან უმალვე მეორე ფანჯარაში აღმოჩნდებოდით.

            ბავშვების მშობლებს ხის თითო დიდი ყუთი ჰქონდათ, სადაც მწვანილი ეთესათ და თითო ვარდის ბუჩქიც დაერგოთ, რომლებიც დიდებულად გაფურჩქნულიყვნენ. ყუთები რატომღაც ღარის გარდი-გარდმო ეწყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყვავილების ორი მწკრივი ერთი ფარჯრიდან მეორესკენ მიემართებოდა. ცერცვის ყვავილწნულები ყუთებიდან გადმოკიდებულიყვნენ. ვარდის ბუჩქების რტოები ერთმანეთში ჩაწნულიყვნენ და ფანჯრებში იჭყიტებოდნენ. მშობლები ბავშვებს ნებას რთავდნენ, სახურავიდან ერთმანეთს სტუმრებოდნენ და ვარდის ბუჩქის ქვეშ, სკამებზე მსხდარიყვნენ, სადაც შესანიშნავად ერთობოდნენ.

            ზამთარში ასეთ სიხარულს ისინი მოკლებული იყვნენ. ფანჯრები ხშირად მთლიანად იყინებოდა და გარეთ აღარაფერი ჩანდა. მაგრამ ბავშვები გამოსავალს მაინც პოულობდნენ: ღუმელზე სპილენძის მონეტას გაახურებდნენ და გაყინულ ფანჯარას მიადებდნენ. იმ ადგილას ყინული ლღვებოდა და მშვენიერი, მრგვალი საჭვრეტიც მზად იყო. სწორედ ამ საჭვრეტიდან უმზერდნენ ერთმანეთს ალერსიანად გოგო და ბიჭი - გერდა და კაი. ზაფხულში ისინი ერთს ისკუპებდნენ და ერთმანეთს ესტუმრებოდნენ ხოლმე, ზამთარში კი ქვემოთ, კიბის მრავალი საფეხური უნდა ჩაერბინათ და შემდეგ ამდენივე აერბინათ. ეზოში თოვლის ფანტელები ცვიოდა და ბარაქიანად ბარდნიდა.

- ეს თეთრი ფუტკრები ირევიან, - ამბობდა მოხუცი ბებია.

-  მათაც ჰყავთ დედოფალი? - ეკითხებოდა ბიჭი. მან იცოდა, რომ ნამდვილ ფუტკრებს დედოფალი ჰყავდათ.

- დიახ, ჰყავთ! - პასუხობდა ბებია. - ფანტელები გარშემო მას მჭიდრო გუნდად ერტყმიან, მაგრამ იგი ყველაზე დიდია და მიწაზე არასოდეს ჯდება, მუდმივად შავ ღრუბლებში დაფრინავს. ხშირად, ღამით ქალაქის ქუჩებშიც ჩაიქროლებს ხოლმე და ფანჯრებში იჭყიტება. სწორედ ამის გამო იყინება ფანჯრის მინა და ზედ ყინულის ასეთი, ყვავილივით ლამაზი, ნაქარგები ჩნდება.

- ვიცით, ვიცით, ჩვენც გვინახავს! - ამბობდნენ ბავშვები და სჯეროდათ, რომ რასაც ბებია ამბობდა, ყველაფერი სრული სიმართლე გახლდათ.

- თოვლის დედოფალს აქ შემოსვლა არ შეუძლია? - კითხულობდა გოგონა.

- აბა ერთი გაბედოს! - პასუხობდა ბიჭი. - მე მას ცხელ ღუმელზე დავსვამ და მყისვე დადნება.

ბებია ბიჭს თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე და საუბარს სხვა რამეზე გადაიტანდა.

საღამოთი, კაიმ, ძილის წინ, თითქმის მთლიანად გახდილმა, გარეთ გახედვა გადაწყვიტა, სკამზე შედგა და სპილენძის მონეტის დახმარებით გაკეთებულ სამზერში გაიჭყიტა. ფანჯრის იქეთ თოვლის ფიფქები ფარფატებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე დიდ, საყვავილე ყუთს დაეცა და ზრდა დაიწყო. იზარდა, იზარდა და ბოლოს უმშვენიერეს ქალწულად იქცა, რომელიც ისეთ სიფრიფანა ქათქათა ქსოვილში იყო გახვეული, თითქოს მილიონობით თოვლის ვარსკვლავით მოუქსოვიათო. ქალი მართალია ყინულისა იყო და თვალის მომჭრელად ბრწყინავდა, მაგრამ მაინც ცოცხალი იყო. თვალები მოციმციმე ვარსკვლავებივით უბრწყინავდა, მაგრამ მათში არც სითბო იგრძნობოდა და არც სიმშვიდე. ყინულის ქალმა ბიჭს თავი დაუკრა და ხელით თავისთან მიიხმო. კაი შეშინდა და სკამიდან ჩამოხტა. მოეჩვენა, თითქოს ფანჯრის წინ დიდმა ფრინველმა ჩაიფრინა.

მეორე დღეს მზემ გამოანათა, თუმცა ისევ ყინავდა. მალე დათბა კიდეც და გაზაფხულიც დადგა. ირგვლივ მწვანე ბალახი ამოიწვერა, მოფრინდნენ ფრინველები და ბუდეების შენება დაიწყეს. მშობლებმა ფანჯრები გააღეს და ბავშვებს კვლავ შეეძლოთ სახლების სართულებს ზემოთ, წყალსაწრეტ ღარზე მოწყობილ თავიანთ პაწაწინა ბაღში ჯდომა.

იმ წელიწადს ვარდები ისე ყვაოდნენ, როგორც არასდროს. ბავშვები ხელიხელ ჩაჭიდებულნი მღეროდნენ, ვარდებს კოცნიდნენ და მზეს შეჰხაროდნენ. ახ, რა შესანიშნავი ზაფხული იდგა, რა კარგი იყო ვარდის ბუჩქების ქვეშ თამაში, რომელთა ყვავილობა თითქოს არასდროს წყდებოდა!

ერთხელ კაი და გერდა ერთად ისხდნენ და ფრინველ-მხეცებით დასურათებულ წიგნს ათვალიერებდნენ. ამ დროს სამრეკლოს დიდმა საათმა ხუთჯერ დარეკა.

- ვაი! - წამოიყვირა კაიმ. - გულში რაღაცამ მიჩხვლიტა და თვალშიც რაღაც ჩამივარდა!

გოგონა კისერზე ჩამოეკიდა და თვალებში ჩახედა, მაგრამ იქ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა.

- ალბათ ამოვარდა, - თქვა ბიჭმა.

მაგრამ ეს ასე არ იყო. ბიჭს გულსა და თვალში სწორედ იმ სარკის ნამსხვრევები ჩაუვარდა, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.

საწყალი კაი! ახლა მისი გული ყინულივით გაცივდებოდა და თვალებითაც ყველაფერს დამახინჯებულად დაინახავდა.

- რა გატირებს? - შეეკითხა ის გერდას. - მე სულაც არა მტკივა! ფუი, რა საძაგლად გამოიყურები! - დაიყვირა მან ბოლოს. - შეხედე, ის ვარდი ჭიას მთლიანად გამოუხრავს. ეს მეორე კი მთლად მახინჯია! რა საშინელი ვარდის ბუჩქებია - ისეთივე უსახურნი არიან, როგორც ის ხის ყუთები, სადაც ისინი არიან დარგულნი!

კაიმ ხის ყუთს წიხლი ჰკრა, ხოლო ვარდები დაგლიჯა.

- კაი, რას აკეთებ? - შესძახა გერდამ, მან კი შეშინებული გოგონას თვალწინ კიდევ ერთი ვარდი მოგლიჯა, საყვარელი მეგობარი მიატოვა და თავის ფანჯარაში შეძვრა.

            იმ დღის შემდეგ ბიჭი მთლიანად შეიცვალა. მოიტანდა გერდა ნახატებიან წიგნს - კაი უკმეხად მიახლიდა, რომ ეგ ნახატები ჩვილი ბავშვისთვის თუ გამოდგებაო; მოუყვებოდა მოხუცი ბებია რაიმე ამბავს - აუცილებლად შეედავებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საკუთარი ბებიის გამოჯავრება დაიწყო: დაიკოსებდა ცხვირზე სათვალეს, მასავით დადიოდა და მისი ხმით ლაპარაკობდა. ყველაფერს ისე კომიკურად აკეთებდა, რომ ხალხი სიცილით იხოცებოდა. მალე კაიმ მეზობლების გამოჯავრებაც დაიწყო და მათ ნაკლოვანებებს ისე ოსტატურად გადმოსცემდა, რომ ხალხი ამბობდა:

- საოცრად ნიჭიერი ბიჭუნაა!

ყველაფრის თავი და თავი კი , მის გულსა და თვალებში მოხვედრილი სარკის ნამსხვრევები გახლდათ. სწორედ ამის გამო იყო, რომ თვით მისთვის ძვირფას ციცქნა გერდასაც კი აჯავრებდა, რომელიც მთელი გულით უყვარდა.

ბიჭია გართობა-თამაშიც კი სულ სხვანაირი გახდა - უფრო ჭკვიანური და გააზრებული. ერთხელ, ზამთარში, ეზოში იგი დიდი გამადიდებელი შუშით მივიდა, თავისი ლურჯი ქურთუკის კალთა თოვლის ფიფქებს შეუშვირა და გოგონას უთხრა:

- აბა, გერდა, ამ თოვლის ფიფქებს დახედე!

გამადიდებელ შუშაში თოვლის ფიფქი ბევრად უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო და ულამაზეს ყვავილს ან ათკუთხა ვარსკვლავს ჰგავდა.

- ხედავ რა ეშმაკურადაა ნაკეთები! - უთხრა კაიმ. - გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ნამდვილი ყვავილები! თანაც როგორი სიზუსტეა! არც ერთი გამრუდებული ხაზი! ეჰ. რა კარგი იქნებოდა, რომ არ დნებოდნენ!

ცოტა ხნის შემდეგ კაიმ დიდი ხელთათმანები და ციგა მოიტანა და გერდას შიგ ყურში ჩაჰყვირა:”მე ნება დამრთეს სხვა ბავშვებთან ერთად მოედანზე ვისრიალო!” - და მოედნისკენ მოკურცხლა.

ყინულის მოედანზე უამრავი ბავშვი სრიალებდა. ვინც უფრო გულადი იყო, თავის ციგას გლეხების მარხილს მიაბამდა და ძალზე შორს მისრიალებდა. ეს ძალზე საინტერესო რამ გახლდათ. გახურებული მხიარულებისას, მოედანზე თეთრად შეღებილი, დიდი მარხილი გამოჩნდა. მასში, თეთრ ქურქში გახვეული ვიღაც იჯდა, რომელსაც თავზეც თეთრი ქუდი ეხურა. მარხილმა მოედანს ორჯერ შემოუარა ირგვლივ. კაიმ სწრაფად მიაბა მარხილს თავისი ციგა და მასთან ერთად გასრიალდა. მარხილმა სიჩქარეს მოუმატა, შემდეგ მოედნიდან გვერდზე შეუხვია. მარხილში მჯდომი მობრუნდა და კაის კარგი ნაცნობივით, თავი ღიმილით დაუკრა. ბიჭმა ციგის მარხილიდან მოხსნა რამდენჯერმე დააპირა, მაგრამ ქურქიანი უცნობი ყოველი ცდისას თავს მეგობრულად უქნევდა და ისიც მარხილთან ერთად მისრიალებდა.

აი, ისინი ქალაქის კარიბჭეს გასცდნენ. აქ მოულოდნელად ჩამობნელდა - ისეთი უკუნი ჩამოწვა, თითს თვალთან ვერ მიიტანდი. კაიმ თოკს, რომლითაც მარხილზე იყო გამობმული, სასწრაფოდ გაუშვა ხელი, მაგრამ ციგა, თითქოს მარხილს მიეწებაო, საშინელი სისწრაფით განაგრძობდა სრიალს. ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. თოვლი კი ისევ ბარაქიანად ბარდნიდა, ციგა და მარხილი ქარივით მიჰქროდნენ, ნამქერებში ყვინთავდნენ, თხრილებს და ღობეებს ახტებოდნენ. კაი შიშისაგან ერთიანად ცახცახებდა.

თოვლის ფანტელები თანდათან იზრდებოდნენ და ბოლოს დიდ, თეთრ მამლებად იქცნენ. უეცრად ისინი სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ, მარხილი გაჩერდა და მასში მჯდომი ფეხზე წამოდგა. ეს იყო მაღალი, ტანადი, დამაბრმავებლად თეთრი ქალი - თოვლის დედოფალი; ქურქიც და ქუდიც მას თოვლისა ჰქონდა.

- დიდებულად ვისრიალეთ! - თქვა დედოფალმა. - მაგრამ შენ მთლად გაყინულხარ - შემოძვერი ჩემთან ქურქში!

მან ბიჭი მარხილში ჩაისვა და თავისი ქურქი შემოახვია. კაის მოეჩვენა, თითქოს თოვლის ზვინში ჩაეშვა.

- შენ ისევ გცივა? - შეეკითხა თოვლის დედოფალმა და შუბლზე აკოცა.

ყინულივით  ცივმა კოცნამ ბიჭს მთელ ტანში დაუარა და გულამდე მიაღწია, რომელიც ისედაც ნახევრად გაყინული გახლდათ. კაის მოეჩვენა, რომ ცოტაც და მოკვდებოდა... მაგრამ ეს მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა. შემდეგ კი პირიქით მოხდა, თავი ისე კარგად იგრძნო, რომ სიცივეს საერთოდ აღარც კი გრძნობდა.

- ჩემი ციგა! ციგა არ დაგავიწყდეს! - უცბად გაახსენდა მას.

ციგა ერთ-ერთ თეთრ მამალს ზურგზე აჰკიდეს და ისიც მათ მარხილს უკან გამოედევნა. თოვლის დედოფალმა კაის კიდევ ერთხელ აკოცა და ბიჭს გერდაც დაავიწყდა, ბებიაც და ყველა სხვა შინაურიც.

- მეტს აღარ გაკოცებ, თორემ შეიძლება კოცნაში დაგახრჩო, - უთხრა თოვლის დედოფალმა.

კაიმ შეხედა მას. ღმერთო, რა ლამაზი იყო! უფრო მშვენიერი და ჭკვიანი სახე ვერც კი წარმოედგინა. ახლა უკვე აღარ ეშინოდა და მშვიდად უყვებოდა, რომ არითმეტიკის ოთხივე მოქმედება ზეპირად იცის, თანაც წილადებით; იცის რამდენი კვადრატული კილომეტრის ფართი უჭირავს ამა თუ იმ ქვეყანას და რამდენი მაცხოვრებელია იქ. დედოფალი კი პასუხად მხოლოდ უღიმოდა და კაის მოეჩვენა, რომ სინამდვილეში ძალზე ცოტა ცოდნა ჰქონდა.

უეცრად თოვლის დედოფალი მასთან ერთად შავ ღრუბლებში აიჭრა. ქარიშხალი ისე ღრიალებდა და კვნესოდა, თითქოს ძველებურ სიმღერებს მღეროდა. ისინი ტყეების, ტბების, ზღვების და ხმელეთის თავზე მიფრინავდნენ. მათ ქვემოთ სუსხიანი ქარები ქროდნენ, მგლები ყმუოდნენ, თეთრად ბრწყინავდა თოვლი, ყაშყაშით დაფრინავდნენ შავი ყორნები, ხოლო ზემოდან დიდი, ნათელი მთვარე დანათოდათ. აი, რას ხედავდა კაი გრძელზე გრძელი ღამის განმავლობაში, დილით კი ყინულის დედიფლის ფერხთით ჩაეძინა. 

 

 

ამბავი მესამე

ქალი, რომელსაც ყვავილნარი ჰქონდა

და ჯადოქრობა შეეძლო

 

 

მოდით, ახლა იმის შესახებ მოვყვეთ, თუ როგორ მოიქცა გერდა, როდესაც კაი აღარ დაბრუნდა. სად დაიკარგა ბიჭი, არავინ იცოდა. ყმაწვილები ყვებოდნენ, რომ მათ მხოლოდ ის დაინახეს, როგორ გამოაბა კაიმ თავისი ციგა დიდ, შესანიშნავ მარხილს, როგორ შეუხვია მასთან ერთად მოსახვევში და ქალაქის კარიბჭიდან გავიდა.

ბევრი ცრემლი დაიღვარა მასზე, დიდხანს და მწარედ ტიროდა გერდა. ბოლოს დაასკვნეს, რომ კაი დაიღუპა, მდინარეში დაიხრჩო, რომელიც ქალაქგარეთ მიედინებოდა. ტაატით მიიზლაზნებოდნენ ზამთრის პირქუში დღეები.

მაგრამ აი, დადგა გაზაფხული, გამოანათა მზემ.

- კაი მოკვდა და აღარ დაბრუნდება! - თქვა გერდამ

- არა მჯერა! - უპასუხა მზის სხივმა.

- ის მოკვდა და აღარ დაბრუნდება! - გაუმეორა გოგონამ მერცხლებს.

- არა გვჯერა! - უპასუხეს მათ.

ბოლოს გერდასაც აღარ სჯეროდა მეგობრის დაღუპვა.

- მოდი ჩემს ახალ, წითელ წაღებს ჩავიცვამ (კაის ისინი ჯერ არ ენახა), - თქვა მან ერთხელ დილით, - წავალ და კაის შესახებ მდინარეს ვკითხავ.

ჯერ კიდევ ადრე იყო. გოგონამ მძინარე ბებიას აკოცა, ჩაიცვა თავისი წითელი წაღები და მარტოდმარტომ ქალაქგარეთ, მდინარეს მიაშურა.

- მართალია, რომ შენ წაიყვანე ჩემი ძმობილი? - შეეკითხა გერდა. მე შენ ჩემს წითელ წაღებს გაჩუქებ, თუ კაის უკანვე დამიბრუნებ!

გოგონას მოეჩვენა, რომ ტალღები უცნაურად უკატუნებდნენ თავს. მაშინ მან წითელი წაღები გაიხადა - ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა, - და წყალში გადაყარა. მაგრამ ისინი ნაპირთან ახლოს დაცვივდნენ და ტალღებმა უკანვე გამორიყეს - წყალი თითქოს არ იღებდა მის საჩუქარს, რადგან სამაგიეროდ კაის დაბრუნება არ შეეძლო. გოგონამ კი იფიქრა, საკმაოდ შორს ვერ ვისროლეო, იქვე, ლელიანში მდგარ, მოქანავე ნავში ჩაძვრა, კიჩოს კიდეზე შედგა და წაღები კვლავ მოისროლა წყალში. ნავი დაბმული არ იყო და ბიძგისაგან წყალში შეცურდა. გერდამ უკან, ნაპირზე გადახტომა მოინდომა, მაგრამ სანამ კიჩოდან ცხვირთან მიირბენდა, ნავი მდინარეში შეცურდა და დინებამ დაღმა გააქანა.

გერდა საშინლად შეშინდა, მორთო ყვირილი და ტირილი, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ ბეღურებს ესმოდათ. პატარა ჩიტუნებს კი გოგონას ხმელეთზე გადასხმა არ შეეძლოთ და თითქოს მისი გამხნევება უნდათო, ნაპირ-ნაპირ ჭიკჭიკით მიაცილებდნენ:

-          ჩვენ აქა ვართ! ჩვენ აქა ვართ!

ნავს ზვირთები სულ უფრო შორს მიაქროლებდნენ. წინდების ამარა დარჩენილი გერდა წყნარად იჯდა: მისი წითელი წაღები ნავს ცურვით უკან მოსდევდნენ, მაგრამ ვერ ეწეოდნენ.

”შეიძლება ნავს კაისთან მივყავარ?” - გაიფიქრა გოგონამ. გამხიარულდა, ფეხზე წამოხტა და დიდხანს ტკბებოდა მწვანედ მოხასხასე, ლამაზი სანაპიროების ცქერით.

და აი, ნავი ერთ დიდ, ალუბლის ბაღთან მიცურდა. ბაღში ჩალით დახურული პატარა სახლი იდგა, რომელსაც წითელი და ლურჯი მინებით შემკული ფანჯრები ჰქონდა. კარებთან ორი ხის ჯარისკაცი გაჯგიმულიყო, რომლებიც სალამს აძლევდნენ ყველას, ვინც კი გვერდით ჩაუვლიდათ. გერდამ მათ დაუძახა - ისინი მას ცოცხლები ეგონა, მაგრამ ჯარისკაცებმა რა თქმა უნდა არ უპასუხეს. აი იგი სულ ახლოს მოცურდა მათთან. ნავი თითქმის მიადგა ნაპირს და გოგონამ კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა. სახლიდან ძალზე მოხუცი, ყავარჯნიანი დედაბერი გამოვიდა, რომელსაც თავზე ლამაზი ყვავილებით მოხატული, ჩალის ქუდი ეხურა.

- ოჰ, შე საწყალო ბავშვო! - უთხრა დედაბერმა. - რამ წამოგიყვანა ამ უზარმაზარი, სწრაფი  მდინარით ასე შორს?

ამ სიტყვებით დედაბერი წყალში შევიდა, ნავს ყავარჯენი მოსდო, ნაპირზე გამოათრია და გოგონა ნავიდან ამოიყვანა. ხმელეთზე მოხვედრით გახარებულმა გერდამ, თავი ბედნიერად იგრძნო, თუმცა ცოტა არ იყოს, დედაბრის ეშინოდა.

- აბა, წამოდი და მომიყევი, ვინა ხარ და აქ საიდან გაჩნდი? - უთხრა დედაბერმა.

გერდა დაწვრილებით უყვებოდა თავის თავგადასავალს, დედაბერი კი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: ოჰ! ოჰ! როდესაც გოგონამ თხრობა დაამთავრა, დედაბერს ჰკითხა, კაი ხომ არსად გინახავსო.

- აქეთ ჯერ არ ჩამოუვლია, - უპასუხა დედაბერმა, - მაგრამ აუცილებლად ჩამოივლის. ასე, რომ წუხილი ჯერ ნაადრევია. უმჯობესია ალუბლები იგემო და ყვავილების ცქერით დატკბე, რომლებიც ბაღში ყვავიან: ისინი გაცილებით წარმტაცნი არიან, ვიდრე წიგნის ნახატებია და ყოველ მათგანს ზღაპრების მოყოლა შეუძლია. ბოლოს დედაბერმა გერდას ხელი მოჰკიდა, სახლში შეიყვანა და შიგ ჩაკეტა.

სახლს ფანჯრები იატაკიდან ძალზე მაღლა ჰქონდა დატანებული და მათში ნაირნაირი ფერების მინები იყო ჩასმული: წითელი, ლურჯი, მწვანე. ამის გამო ოთახი რაღაც საოცარი ფერებით იყო განათებული. მაგიდაზე საუცხოო ალუბლით სავსე კალათა იდგა და გერდას შეეძლო იმდენი ეჭამა, რამდენიც სურდა. სანამ ის ალუბალს მიირთმევდა, დედაბერი ოქროს სავარცხლით თმებს უვარცხნიდა. ხუჭუჭა თმა, გოგონას ვარდივით ნაზ, ალერსიან სახეს, ოქროსფერ კულულებად ეხვეოდა.

- დიდი ხანია ვოცნებობდი ასეთ საყვარელ გოგონაზე! - თქვა დედაბერმა. - აი ნახავ, რა შესანიშნავად ვიცხოვრებთ ჩვენ ერთად!

            და მან გააგრძელა გოგონას თმის ვარცხნა. რაც მეტს ვარცხნიდა, გერდას მით უფრო მეტად ავიწყდებოდა თავისი მეგობარი კაი - დედაბერს ხომ ჯადოქრობა შეეძლო. ოღონდ ბოროტი არ იყო და მხოლოდ ხანდახან თავისი სიამოვნებისთვის ჯადოქრობდა. ახლაც გერდაც იმიტომ მოაჯადოვა, რომ ძალზე მოუნდა გოგონა თავისთან დაეტოვებინა. აი, დედაბერი ბაღში შევიდა და გაფურჩქნულ ვარდის ბუჩქებს ჩამოუარა: შეახებდა თუ არა მათ ყავარჯენს, ბუჩქები იმ წამსვე მიწაში ძვრებოდნენ და მათგან ნაკვალევიც კი აღარ რჩებოდა. ამას იმიტომ აკეტებდა, რომ ეშინოდა, გოგონა ვარდებს რომ შეხედავს, თავისი ვარდის ბუჩქი და თავისიანები გაახსენდება, შემდეგ კაისაც გაიხსენებს და ჩემგან გაიქცევაო.

            ამის შემდეგ გერდა დედაბერმა ყვავილნარში წაიყვანა. ოჰ, რა სურნელი იდგა იქ, რა სილამაზე: ირგვლივ ნაირნაირი ყვავილები იწონებდნენ თავს და თანაც ეს ხდებოდა ზამთარში. მთელს ქვეყნიერებაზე, ვერც ერთ წიგნში, ასეთი სილამაზის ნახატებს ვერ იპოვნიდით. გერდა სიხარულისაგან ყვავილებს შორის დარბოდა და მანამ თამაშობდა, სანამ მზე ალუბლის მაღალ ხეებს არ მიეფარა. შემდეგ ლოგინი გაუშალეს - წითელი აბრეშუმის, ლამაზად მოქარგული საბანი დაახურეს, ხოლო სასთუმლად იებით გატენილი ბალიში დაუდეს. გოგონას ტკბილად ჩაეძინა და ისეთი ლამაზი სიზმრები იხილა, დედოფალს რომ დაესიზმრება ხოლმე თავის ქორწილის დღეს.

            მეორე დღეს გერდას ისევ დართეს მზით გაბრწყინებულ ყვავილნარში თამაშის ნება. ასე გავიდა მრავალი დღე. გოგონა უკვე ყველა ყვავილს სცნობდა. მიუხედავად მათი სიმრავლისა, გულში მაინც რომელიღაც ყვავილი აკლდა, ოღონდ რომელი, ეს ვერაფრით მოეგონებინა. და აი, ერთხელ იგი იჯდა და დედაბრის ჩალის ქუდზე ამოქარგულ ყვავილებს ათვალიერებდა, რომელთა შორის ყველაზე ლამზი ვარდი გაზლდათ - დედაბერს მისი წაშლა დავიწყებოდა. აი, რას ნიშნავს გულმავიწყობა!

            - როგორ, ამდენ ყვავილებს შორის ვარდი არ არის? - გაიფიქრა გოგონამ და მათ მოსაძებნად ყვავილნარში გაიქცა. ბევრი ეძება, მაგრამ რაც არ იყო, აბა როგორ იპოვნიდა.

მაშინ გერდა მიწაზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. მისი თბილი ცრემლები ზუსტად იმ ადგილას ეცემოდნენ, სადაც ადრე ერთ-ერთი ვარდის ბუჩქი იდგა. როგორც კი ცრემლებმა მიწა დაასველეს, ვარდის ბუჩქი მყისვე ამოიზარდა, თანაც ისეთივე გაფურჩქნული, როგორც წინათ იყო.

გერდამ ვარდის ბუჩქს ხელი მოხვია, დაუწყო კოცნა და თავისი ვარდები გაახსენდა, ხოლო შემდეგ კაიც მოაგონდა.

- ოჰ, რამდენი დრო გავიდა! - სთქვა გოგონამ. - მე ხომ კაის მოსაძებნად წამოვედი!.. თქვენ ხომ ვერ მეტყვით, სად არის იგი? - ჰკითხა ვარდებს. - მართალია, რომ იგი მოკვდა და აღარ დაბრუნდება?

-  ის არ მომკვდარა! - უპასუხეს ვარდებმა. - ჩვენ ხომ მიწის ქვეშ ვიყავით, სადაც მკვდრები წვანან. კაი მათ შორის არ გვინახავს.  

- დიდად გმადლობთ! გერდამ მადლობა გადაუხადა ვარდებს და ახლა სხვა ყვავილებს მიაშურა: - ხომ არ იცით, სად არის კაი?

მაგრამ ისინი მზეს მიფიცხებოდნენ და ოცნებობდნენ

მაშინ გედამ მწვანედ მოხასხასე, ბალახში მოელვარე ბაბუაწვერას მიაკითხა:

- ჩემო მზესავით ნათელო პაწიავ! - უთხრა გოგონამ. - მითხარი სად ვეძებო ჩემი ძმობილი?

ბაბუაწვერამ თავისი მზერა გერდას მიაპყრო და ნაზი ღიღინით უპასუხა, მაგრამ ვაი რომ ამ სიმღერაში კაის შესახებ არც ერთი სიტყვა არ თქმულა!

- გაზაფხულის პირველი დღე იდგა. ბრდღვიალა მზეს პატარა ეზო გაენათებინა. მისი სხივები მეზობელი სახლის თეთრად შეღებილ კედლებზე დასრიალებდნენ. იქვე, კედლის სიახლოვეს, მოყვითალო ყვავილმა ამოყო თავი, რომელიც მზეზე ოქროსფრად ბრწყინავდა. ეზოში მოხუცი ბებია გამოვიდა. მასთან სტუმრად მისი შვილიშვილი, ღარიბი მოახლე გოგონა მოვიდა და მოხუცს აკოცა. გოგონას კოცნა ოქროზე ძვირფასი იყო, რადგან იგი პირდაპირ გულიდან მოდიოდა. ოქრო იყო დაფენილი მის ტუჩებზეც, ოქროთი იყო სავსე მისი გულიც, ოქროთი იყო მოჭედილი ცაც იმ ადრეულ დილით! აი, ყველაფერი ის, რისი თქმაც მსურდა! - ჩაიღიღინა ბაბუაწვერამ.

- საწყალი ჩემი ბებია! - ამოიოხრა გერდამ. ალბათ ვენატრები და წუხს ჩემზე, როგორც კაიზე სწუხდა. მაგრამ მალე დავბრუნდები კაისთან ერთად. ყვავილების გამოკითხვა კი აღარ ღირს - სულ ერთია, მათგან ვერაფერს გაიგებ. - თქვა გერდამ და ყვავილნარის ბოლოსკენ გაიქცა.

გოგონას ყვავილნარის კარები დაკეტილი დახვდა, მაგრამ დაჟანგული საკეტი იმდენი ანჯღრია, რომ ბოლოს და ბოლოს გააღო და გზაზე ფეხშიშველი გამოვარდა. რამდენჯერმე უკან მოიხედა, ხომ არავინ მომდევსო.

ბოლოს იგი დაიღალა, ქვაზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა: უკვე ზაფხულიც გასულიყო და გვიანი შემოდგომა იდგა. მხოლოდ დედაბრის ყვავილნარში, სადაც მზე მუდმივად ბრწყინავდა და წლის ყოველ დროში ათასნაირი ყვავილები ხარობდნენ, ეს არ შეიმჩნეოდა.

- ღმერთო, როგორ შევყოვნდი! უკვე შემოდგომაც მოსულა! რა დროს დასვენებაა! - თქვა გერდამ და ისევ გაუდგა გზას.

ოჰ, როგორ ტეხდნენ დაღლილი ფეხები! როგორ ციოდა ირგვლივ! ტირიფის გრძელი ფოთლები მთლიანად გაყვითლებულიყვნენ. ნისლი მსხვილ წვეთებად დამჯდარიყო მათზე და მიწაზე წყლად მოწანწკარებდა. ფოთლები დაბლა ცვიოდნენ. მხოლოდ კვრინჩხს შერჩენოდა მწკლატრე ნაყოფი. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად და უღიმღამოდ გამოიყურებოდა.

 

 

ამბავი მეოთხე

პრინცი და პრინცესა

 
 

            გერდა იძულებული შეიქნა დასასვენებლად კვლავ დამჯდარიყო, მის პირდაპირ, თოვლზე დიდი შავი ყვავი დახტოდა. დიდხანს მისჩერებოდა ის გოგონას თავის კატუნით და ბოლოს უთხრა:

- ყვა-ყვა! გამარრჯობა!

ადამიანთა ენაზე უფრო სწორად ლაპარაკი მას არ შეეძლო. მაგრამ მას გოგონასთვის სიკეთე სურდა და შეეკითხა, რად დაეხეტებოდა ამ ქვეყნად მარტოდ მარტო. თუ რას ნიშნავდა ”მარტოდ მარტო” ხეტიალი, გერდამ კარგად იცოდა, რადგან იგი თავის თავზე გამოსცადა. გოგონამ ყვავს თავისი თავგადასავალი უამბო და ბოლოს შეეკითხა, ხომ არ უნახავს კაი.

ყვავი ჩაფიქრდა, თავი დააკანტუნა და თქვა:

- მგონი ვნახე! მგონი ვნახე!

- მართლა? - წამოიყვირა გერდამ და სიხარულისაგან ყვავი ისე დაკოცნა, კინაღამ დაახრჩო.

- ჩუმად! ჩუმად! - უთხრა ყვავმა. - მე მგონი ის სწორედ შენი კაი იყო, მაგრამ პრინცესას გამო ალბათ მას შენ უკვე დაავიწყდი.

- როგორ, ის პრინცესასთან ერთად ცხოვრობს? - ჰკითხა გოგონამ.

- ახლავე მოგიყვები, - უთხრა ყვავმა, - მაგრამ თქვენს ენაზე ლაპარაკი ძალზე მიჭირს. აი, შენ რომ ყვავების ენა იცოდე,  მაშინ გაცილებით უკეთ გაგაგებინებდი ყველაფერს.

- სამწუხაროდ ყვავების ენა ჩენთვის არავის უსწავლებია, - უპასუხა გერდამ. - როგორი სამწუხაროა...

- არა უშავს - უთხრა ყვავმა - მართალია ცუდად, მაგრამ როგორმე შევძლებ, ყველაფერი მოგიყვე.

და მან გოგონას მოუთხრო ყველაფერი, რაც იცოდა.

- ამ სამეფოში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთი პრინცესა ცხოვრობს. ისეთი ჭკვიანია, რომ მეტი აღარ შეიძლება! ნამდვილი ჭკუის კოლოფია - რაც ქვეყნიერებაზე გაზეთებია, ყველა წაკითხული აქვს და რაც იქ სწერია, უკვე დავიწყებულიც! ერთხელ, სამეფო ტახტზე ჯდომისას - ეს კი, როგორც ხალხი ამბობს არც თუ ისე სასიამოვნოა - სიმღერა წამოიწყო, სადაც ასეთი ფრაზა ურევია: ”რატომ ვარ ნეტა, გაუთხოვარი?”  ”მართლაც, რატომ არ ვთხოვდები?” გაიფიქრა გულში და იმ წამსვე გათხოვება მოუნდა. მაგრამ მეუღლედ ისეთი ადამიანი უნდოდა, რომელიც შეკითხვებზე კი არ გაიბღინძებოდა, არამედ წესიერ პასუხს გასცემდა - გაბღენძილებთან ყოფნა ხომ საშინლად მოსაწყენია! და აი, ერთ დღეს, ბუკითა და ნაღარით სასახლის მთელ სეფე ქალებს თავი მოუყარეს და პრინცესას სურვილი გააცნეს. ამ ამბავმა ყველანი ძალზე გაახარა: ”ძალიან ძალიან მოსაწონი სურვილია! - ერთხმად თქვა ყველამ. – ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობდით!” ყველაფერი ეს ჭეშმარიტება გახლავთ! - დაამატა ყვავმა. - სასახლის კარზე საცოლე მყავს, მოშინაურებული ყვავია, იქ თავისუფლად დაფრინავს და ყველაფერი ეს მან მიამბო.

- მეორე დღეს, - განაგრძო თხრობა ყვავმა, - ყველა გაზეთს გულის გამოსახულებიანი არშია ჰქონდა შემოვლებული და მასში ლამაზი ხვეულხაზებით პრინცესას სახელი იყო გამოყვანილი. განცხადებაში კი ეწერა, რომ ყველა უცოლო, კარგი გარეგნობის მქონე ახალგაზრდა კაცს შეუძლია მოვიდეს სასახლეში და პრინცესას გაესაუბროს; ვისაც ყველაზე კარგი სიტყვა-პასუხი ექნება და წესიერი მოქცევა ეცოდინება, პრინცესა მას თავის მეუღლედ აირჩევსო. დიახ, დიახ, - გაიმეორა ყვავმა. - ყველაფერი ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ამ წუთს მე შენს წინ ვზივარ.  ხალხი სასახლეს ერთბაშად მოაწყდა. ნამდვილი ზედახორა და ჭყლეტა შეიქნა. მაგრამ არც პირველ და არც მეორე დღეს არავის არ გაუმართლა. ქუჩაში ყველა საქმრო მშვენივრად საუბრობდა და სიტყვა-პასუხიც კარგი ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი სასახლის ეზოს კარიბჭეს გადააბიჯებდნენ, ვერცხლის საჭურველიან გვარდიელებთან ერთად, ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ კარისკაცებს დაინახავდნენ და უზარმაზარ, გაჩახჩახებულ დარბაზში შევიდოდნენ, ბრინჯივით იბნეოდნენ: სამეფო ტახტთან მისულებს, მოჯადოებულივით ენა მუცელში უვარდებოდათ და მხოლოდ პრინცესას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებდნენ. გადმოაბიჯებდნენ კარიბჭეს უკან და მეტყველების უნარიც იმ წამსვე უბრუნდებოდათ. კარიბჭიდან სასახლის კარამდე საქმროების გრძელზე გრძელი რიგი იყო გადაჭიმული. მე თვითონ ვიყავი იქ და საკუთარი თვალით ვიხილე.

- მაგრამ კაი? - მოუთმენლად შეეკითხა გერდა. - ისიც მოვიდა პრინცესას ხელის სათხოვნელად?

- დამაცა! დამაცა! ახლა სწორედ მის შესახებ უნდა მოგითხრო! მესამე დღეს ერთი ბიჭი გამოცხადდა. არც ეტლით მოგრიალებულა და არც ცხენით მოჯირითებულა, ფეხით მოვიდა და პირდაპირ სასახლეში შევიდა. თვალები შენსავით უბრწყინავდა, მშვენიერი გრძელი თმები ჰქონდა, მაგრამ აი, ტანზე კი ღარიბულად ეცვა.

- ის ნამდვილად კაი იქნებოდა! - გაუხარდა გერდას. - სახლიდან ის ხიმ ციგით გავიდა.

- ადვილი შესაძლებელია, კარგად არ დავკვირვებივარ! - უპასუხა ყვავმა და თხრობა გააგრძელა. - ჩემმა საცოლემ მიამბო, როდესაც ის სასახლის კარებში შესულა და ვერცხლის საჭურველიანი გვარდიელები დაუნახავს, ხოლო კიბეებზე ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილი კარისკაცები, სულაც არ შემკრთალა, მხოლოდ თავი გადაუქნევია და უთქვამს - ”კიბეზე დგომა ძალზე მოსაწყენია, უმჯობესია ოთახებში შევიდეო!” დარბაზები სინათლისაგან ჩახჩახებდნენ. დიდებულები და ნაზირ-ვეზირები ჩექმების გარეშე დადიოდნენ და ოქროს ლანგრებს დაატარებდნენ. მოკლედ, ისეთი ზეიმი იყო, უკეთესი არ შეიძლებოდა! ბიჭის ჩექმები კი საშინლად ჭრაჭუნებდნენ, მაგრამ მას ეს სულაც არ ადარდებდა.  

- უთუოდ კაი იყო!  - აღტაცებით წამოიძახა გერდამ. - მას ხომ ახალი ჩექმები ეცვა. მე თვითონ მომისმენია, როგორ ჭრაჭუნებდნენ ისინი, როდესაც ბებიასთან სტუმრობდა.

- ჰო, მაგრად ჭრაჭუნებდნენ, - გააგრძელა ყვავმა. - მაგრამ ბიჭი მაინც თამამად მივიდა პრინცესასთან. იგი სართავი ჯარის ბორბლის ოდენა მარგალიტზე იჯდა, ირგვლივ სასახლის კარის ქალები ეხვივნენ თავიანთი მსახურებით. ხოლო ამ უკანასკნელთ, თავიანთი მსახურები ახლდნენ. ის, ვინც უფრო ახლოს იდგა კარებთან, მით უფრო ამაყად ეჭირა თავი. ხოლო კარებში მდგარ მსახურთა მსახურების მსახურს, თავი ისე ქედმაღლურად ეჭირა, შეხედვას ვერ გაუბედავდი.

- რა საშინელებაა! - თქვა გერდამ. - კაი მაინც დაქორწინდა პრინცესაზე?

- მე რომ ყვავი არ ვიყო, თუმცა საცოლე მყავს, იმ პრინცესას მეც შევირთავდი. ბიჭი ისე თავისუფლად ესაუბრებოდა პრინცესას, როგორც მე ვსაუბრობ ყვავების ენაზე, ყოველ შემთხვევაში ასე მიამბო ჩემმა საცოლემ, მოშინაურებულმა ყვავმა. თურმე თავი ძალზე საყვარლად და თავისუფლად ეჭირა და საუბარში განუცხადებია, რომ აქ ხელის სათხოვნელად კი არ მოსულა, არამედ პრინცესას ბრძნული აზრების მოსასმენად.  მოკლედ, ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოსწონებიათ.

- დიახ დიახ, ეს კაია! - თქვა გერდამ ის ხომ ძალზე ჭკვიანია! მან ზეპირად იცის არითმეტიკის ოთხივე მოქმედება, თანაც წილადებთან ერთად! ოჰ, ძალიან გთხოვ, წამიყვანე იმ სასახლეში!

- სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძალზე ძნელი, - უპასუხა ყვავმა. - მოდი ჩემს საცოლეს ვკითხავ, იქნებ რაიმე გვირჩიოს. შენ გგონია, ასე ადვილად შეგიშვებენ სასახლეში?

- დარწმუნებული ვარ, შემიშვებენ! - უთხრა გერდამ. - როგორც კი კაი ჩემს იქ ყოფნას გაიგებს, მაშინვე ჩემთან გაჩნდება.

- სანამ დავბრუნდებოდე, ამ ღობესთან დამელოდე, - თქვა ყვავმა და გაფრინდა.

გვიანი საღამო იყო, როდესაც ის დაბრუნდა.

- ყვა, ყვა! ჩემმა საცოლემ შენთან ათასი მოკითხვა დამაბარა და პურის ნატეხიც გამომატანა. იგი მან სამზარეულოდან აწაპნა. იქ პური ბევრია, შენ კი ალბათ გშია!.. მოკლედ, სასახლეში შენ არავინ შეგიშვებს - ვერცხლის საჭურველში ჩამჯდარი გვარდია და მოოქროვილ ტანსაცმელში გამოწყობილი კარისკაცები არაფრის დიდებით არ გაგატარებენ. მაგრამ ნუ სწუხხარ, შენ იქ მაინც მოხვდები; ჩემმა საცოლემ იცის, როგორ უნდა შეაღწიო პრინცესას საწოლ ოთახში საიდუმლო შესასვლელით და სად ინახება ოთახის გასაღები.

ყვავმა გერდა სასახლესთან მიიყვანა. ისინი ჯერ ბაღში შევიდნენ და გრძელ ხეივანს გაუყვნენ, სადაც ერთი მეორის მიყოლებით ცვიოდნენ შემოდგომის ფოთლები. ერთ ხანს შეიცადეს და როდესაც სასახლეში სინათლე ჩაქრა, ყვავმა გერდა ნახევრად გაღებულ კართან მიიყვანა.

ოჰ, როგორ უცემდა გული გოგონას შიშისა და მოუთმენლობისაგან! ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც ცუდ საქმეს ჩადიოდა, სინამდვილეში კი  მხოლოდ იმის გაგება სურდა, იმყოფებოდა თუ არა აქ კაი!  დიახ, დიახ, ის ალბათ აქ არის! გერდას ნათლად დაუდგა თვალწინ მისი მეტყველი თვალები, გრძელი, ლამაზი თმები. კარგად ახსოვდა, როგორ უღიმოდა იგი, როდესაც ვარდის ბუჩქების ქვეშ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ. როგორ გაუხარდება კაის, როდესაც კვლავ დაინახავს მას, მოისმენს, რა გრძელი გზა გამოიარა მისი გულისთვის, გაიგებს, როგორ სწუხდნენ მასზე ახლობლები! ოჰ, ლამის ჭკუიდან შეშლილიყო შიშისა და სიხარულისაგან!

აი, ისინი უკვე კიბის ბაქანზე არიან. კარადის თავზე სანთურა ენთო, იატაკზე კი მოშინაურებული ყვავი იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა. გერდა თავის დაკვრით მიესალმა, ზუსტად ისე, როგორც ბებიამ ასწავლა.

- თქვენს შესახებ ჩემმა საქმრომ ბევრი კარგი რამ მიამბო! - უთხრა მოშინაურებულმა ყვავმა. - თქვენი ცხოვრება ძალზე ამაღელვებელია! ხომ არ ინებებთ, აიღოთ სანთურა, მე კი წინ წავალ, ჩვენ პირდაპირ ვივლით, აქ ჩვენ არავინ შეგვხვდება.

- მგონი, ვიღაცა მოგვდევს, - თქვა გერდამ. მას მოეჩვენა, თითქოს გვერდით რაღაც აჩრდილებმა ჩაურბინეს: ფაფარაშლილმა ცხენებმა და მათზე ამხედრებულმა რაინდებმა.

- ეს სიზმრებია! - უთხრა მოშინაურებულმა ყვავმა. - ისინი აქ იმიტომ მოდიან, რომ დიდებულთა გონება სანადიროდ წაიყვანონ. ჩვენთვის ეს უკეთესიცაა, დაძინებულებს უკეთ გავარჩევთ.

ამასობაში პირველ დარბაზში შევიდნენ, სადაც კედლებზე ყვავილებიტ მოქარგული, ვარდისფერი ატლასი იყო აკრული. გოგონას ისევ ჩაუქროლეს სიზმრებმა, მაგრამ ისეთი სიჩქარით, რომ მხედრების გარჩევა ვერ მოასწრო. დარბაზები ერთი მეორეზე უკეთესები იყვნენ და ადვილად შეიძლებოდა დაბნეულიყავი. ბოლოს საძილე ოთახსაც მიაღწიეს, რომლის ჭერიც უზარმაზარი პალმის წვერს მოგაგონებდათ, დამშვენებულს უძვირფასესი ბროლის ფოთლებით. ჭერის შუა გულიდან ოქროს მსხვილი ჯაჭვი ეშვებოდა, რომელზეც მთის შროშანის მაგვარი ორი საწოლი ეკიდა. ერთი მათგანი თეთრი იყო და მასში პრინცესა იწვა, მეორე კი  სადაც გერდას კაი ეგულებიდა, წითელი ფერისა გახლდათ. გოგონამ ადვილად გადასწია ერთ-ერთი წითელი ფოთოლთაგანი და მუქი-ქერა კეფა შენიშნა. ”ეს კაია”, - გაიფიქრა მან, ხმამაღლა დაიძახა მისი სახელი და სანთურა მის სახესთან ახლოს მიიტანა. სიზმრები ხმაურით შორს გაიფანტნენ; პრინცმა გაიღვიძა და თავი მოაბრუნა... ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ კაი არ იყო!

პრინცი კაის მხოლოდ კეფის მხრიდან ჰგავდა, მაგრამ კაისავით ლამაზი და ახალგაზრდა იყო. თეთრი საწოლიდან პრინცესამ გამოიხედა და იკითხა - რა მოხდაო. გერდა ატირდა და მთელი თავისი ისტორია მოუყვა, მათ შორის ისიც, თუ როგორ ცდილობდნენ მის დახმარებას ყვავები.

-ოჰ, შე საცოდავო! - შესძახეს პრინცმა და პრინცესამ. შეაქეს ყვავები, უთხრეს, რომ სულაც არ უჯავრდებიან - ოღონდ ამიერიდან ასეთი რამ აღარ ჩაიდინოთო და მათი დაჯილდოებაც კი გადაწყვიტეს.

- თავისუფალ ფრინველებად დარჩენა გსურთ, თუ სამეფო კარის ყვავების თანამდებობა გირჩევნიათ, რომ სამზარეულოს ნარჩენები მიიღოთ და სრულ კმაყოფაზე იყოთ? - შეეკითხა პრინცესა.

            ყვავებმა თავი დაუკრეს და სამზარეულოს სრულ კმაყოფაზე ყოფნა არჩიეს - ადრე თუ გვიან აუცილებლად დავბერდებით და ლუკმა პური გვექნებაო.

            პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო - მეტის გაკეთება გოგონასთვის მას არ შეეძლო; გერდამ გულზე ხელები დაიკრიფა და გაიფიქრა: ”რა კეთილები არიან ადამიანებიც და ცხოველებიც!” - დახუჭა თვალები და ტკბილად დაიძინა. სიზმრები ისევ მოფრინდნენ საწოლ ოთახში, მაგრამ ახლა მათ კაი მოჰყავდათ თავისი ციგით. ბიჭი გერდას თავს უკრავდა და უღიმოდა, მაგრამ ვაი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და როგორც კი გოგონას გაეღვიძა, იმ წამსვე გაქრა.

            მეორე დღეს გოგონა თავიდან ფეხებამდე აბრეშუმსა და ხავერდში ჩასვეს და სასახლეში დარჩენის ნება დართეს.

            გერდას შეეძლო სასახლეში უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე დღეს დარჩა, ხოლო შემდეგ ცხენიანი ოთხთვალა ეტლი და წყვილი ფეხსაცმელი ითხოვა, რომ თავისი ძმობილის ძებნა გაეგრძელებინა.

            გერდას ფეხსაცმელებიც მისცეს, საუცხოო კაბაც და ხელსათბურებიც, ხოლო როდესაც მასპინძლებს ემშვიდობებოდა, კარებთან ოქროს ეტლი ჩამოდგა, რომელიც ვარსკვლავივით ბრწყინავდა და რომელსაც პრინცის და პრინცესას გერბები ამშვენებდა. მეეტლეს, ლაქიას და მხედრებს - გამცილებლად მხედრებიც გააყოლეს - თავზე მცირე ზომის ოქროს ჯიღები ედგათ. პრინცმა და პრინცესამ გერდა ეტლში თავისი ხელით ჩასვეს და გზა მშვიდობისა უსურვეს.

            გარეულმა ყვავმა, რომელმაც დაქორწინება უკვე მოასწრო, გოგონა სამი მილის მანძილზე გააცილა და მთელი გზა მის გვერდით იჯდა. მოშინაურებული ყვავი ჭიშკარზე შესკუპებულიყო და ფრთებს ატყლაშუნებდა; გერდას გაცილება მას არ შეეძლო, რადგან იმის შემდეგ, რაც რაც სასახლის კარზე თანამდებობა მიიღო, ძალზე ბევრს ჭამდა და მუცელი სტკიოდა. ეტლი გატენილი იყო შაქრის კვერებით, ხოლო საჯდომს ქვეშ შედებული ყუთი - ხილითა და თაფლის პურებით.

- მშვიდობით! მშვიდობით! - დაემშვიდობნენ პრინცი და პრინცესა.

გერდა ატირდა. მასთან ერთად ატირდა ყვავიც. სამი მილის გავლის შემდეგ გოგონას ყვავიც დაემშვიდობა. მათი განშორება ძალზე გულის ამაჩუყებელი გახლდათ! ყვავი ხეზე შეფრინდა და მანამ იქნევდა ფრთებს, სანამ მზესავით მბრწყინავი ეტლი თვალს არ მიეფარა.

 

 

ამბავი მეხუთე

პატარა ყაჩაღანა

 

            გერდა უღრან ტყეში აღმოჩნდა, სადაც ყაჩაღები ცხოვრობდნენ. ოქროს კარეტა ცეცხლივით ელავდა და ყაჩაღებს თვალებს უბრმავებდა. ამის ატანა კი მათ არ შეეძლოთ.

- ოქრო! ოქრო! - აყვირდნენ ისინი, ცხენებს აღვირში სწვდნენ, დახოცეს მეეტლე, ლაქია, გამცილებელი მხედრები და გერდა ეტლიდან გადმოათრიეს.

- ჰო-ჰო, როგორი კოხტა და გაფუმფულებული გოგოა! ნიგვზით გაუსუქებიათ! - შესძახა თმაგაჩეჩილმა, წარბებჩამოვარდნილმა ყაჩაღმა დედაბერმა. - ბატკანივით გემრიელი ხორცი ექნება! იფ, იფ, იფ, მალე პირს ჩავიტკბარუნებთ!..

            დედაბერმა მჭრელ, მოელვარე დანას ხელი წამოავლო, მაგრამ ჰოი საშინელებავ!

- ვაიმე! - წამოიკივლა უეცრად: ყაჩაღ დედაბერს მის ზურგს უკან მჯდომმა, საკუთარმა ქალიშვილმა ყურზე უკბინა, რომელიც ისეთი თავნება იყო, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა.

- ოჰ, შე საძაგელო გოგონავ! - დაუყვირა დედეამ, მაგრამ გერდას მოკვლა ვეღარ მოასწრო.

- მე მინდა, რომ მაგ გოგონამ ჩემთან ითამაშოს, - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - თავისი ლამაზი კაბა, ხელსათბურებთან ერთად, მე უნდა მომცეს და ღამე ჩემს ლოგინში, ჩემთან ერთად დაწვეს.

და გოგონამ ისევ უკბინა დედას, თანაც ისე ძლიერად, რომ სიმწრისაგან იგი შეხტა და ადგილზე დაბზრიალდა.

- შეხედე, შეხედე, როგორ ააცეკვა საკუთარმა შვილმა!

- მე ეტლში ჩაჯდომა მინდა! - აყვირდა ყაჩაღანა და თავისიც გაიტანა - ის ხომ საშინლად განებივრებული, უზრდელი და ჯიუტი ვინმე გახლდათ. ის და გერდა ეტლში ჩასხდნენ და ტყეში გაინავარდეს.

პატარა ყაჩაღანა გერდას სიმაღლისა იყო, მაგრამ მასზე ფართო მხარბეჭიანი და ღონიერი გახლდათ, ხოლო სახის კანი უფრო მუქი ჰქონდა. ყაჩაღანა გერდას მოეხვია და უთხრა:

- მე თუ არ გაგიბრაზდი, ისე შენ ვერავინ ვერ მოგკლავს. შენ, ალბათ პრინცესა ხარ?

- არა, - მიუგო გერდამ და უამბო, როგორ უყვარს კაი და მის ძებნაში რა გადახდა თავს.

პატარა ყაჩაღმა დაკვირვებით შეხედა, თავი ოდნავ გადააქნია და უთხრა:

- ისინი მაშინაც ვერ მოგკლავენ, თუნდაც მე გაგიბრაზდე, - უმჯობესია ჩემი ხელით მოგკლა!

და მან გერდას ცრემლები მოსწმინდა, ხოლო შემდეგ ხელები გერდას მშვენიერ ხელსათბურებში დამალა. სეირნობიდან დაბრუნებულებმა, ეტლი ჭიშკართან გააჩერეს და ისინი ყაჩაღების ციხესიმაგრის ეზოში შევიდნენ.

            ციხესიმაგრის კედლები დამსკდარ-დახეთქილი იყო და ნაპრალებში ყვავ-ყორნები ბუდობდნენ. საიდანღაც უზარმაზარი ძაღლები გამოცვივდნენ, რომელთაც ადამიანის გადაყლაპვა თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ ისინი მხოლოდ მაღლა ხტოდნენ და არც კი ყეფდნენ - ეს მათ აკრძალული ჰქონდათ. ნახევრად დანგრეული, კედლებ-გაჭვარტლული და ქვის იატაკიანი, უზარმაზარი დარბაზის შუაგულში, ცეცხლი ენთო. ბოლი ჭერისკენ მიედინებოდა და რადგან დარბაზს საკვამური არა ჰქონდა, გარეთ გასასვლელი თვითონვე უნდა მოეძებნა. ცეცხლზე უზარმაზარი ქვაბი თუხთუხებდა, რომელშიც სუპი იხარშებოდა, ხოლო შამფურებზე კურდღლები და ბაჭიები იწვოდნენ.

- შენ ჩემთან ერთად აი, აქ დაწვები, ჩემი პატარა მხეცუნების მახლობლად, - უთხრა გერდას ყაჩაღანამ.

გოგონები დააპურეს და ისინი დასაძინებლად მათთვის გამოყოფილი კუთხისკენ წავიდნენ, სადაც ჩალაზე ნოხები იყო დაგებული. მაღლა, ქანდარაზე ასზე მეტი მტრედი შემომსხდარიყო. მათ თითქოს ეძინათ, მაგრამ როდესაც გოგონები მიუახლოვდნენ, ოდნავ შეინძრნენ.

- ყველა ჩემია! - უთხრა პატარა ყაჩაღანამ, ერთ-ერთ მტრედს ფეხებში ხელი დასტაცა და ისე დაიქნია, რომ მტრედმა შეიფრთხიალა. - აჰა, აკოცე! - დაუყვირა მან და გერდას ფრინველი პირდაპირ სახეში ატაკა. - აქ კი ტყის ოინბაზები სხედან, - გააგრძელა ყაჩაღანამ და კედელში დატანებულ, ხის წნელით შეღობილ, პატარა ნიშაზე მიუთითა. - ესენი ისეთი ოინბაზები არიან, თუ არ დამწყვდიე, აუცილებლად გაფრინდებიან. ეს კი ჩემი საყვარელი ქორბუდაა! - და ყაჩაღანა კედელზე მიბმულ, ჩრდილოეთის ირემს რქებში სწვდა. - ესეც დაბმული უნდა გყავდეს, თორემ აუცილებლად გაიპარება! ყოველ საღამოს დანის ბასრი წვერით კისერზე ვუღიტინებ ხოლმე - ამისი სიკვდილივით ეშინია.

ამ სიტყვებით მან კედლის ბზარიდან გრძელი დანა გამოიღო და ირემს კისერზე მსუბუქად გაუსვა. საწყალი ცხოველი შიშისაგან შეხტა, პატარა ყაჩაღანა კი ახარხარდა და გერდა საწოლთან მიიწვია.

- ნუთუ შენ დანასთან ერთად გძინავს? - შეეკითხა გოგონა.

- დანის გარეშე არასოდეს ვიძინებ! - უპასუხა ყაჩაღანამ. - ვინ იცის როდის დამჭირდება! აბა, კიდევ ერთხელ მიამბე კაის შესახებ და როგორ შემოიარე მთელი ქვეყანა, მის საპოვნელად.

გერდამ თხოვნა შეუსრულა. გალიაში დამწყვდეული გარეული მტრედები წყნარად ღუღუნებდნენ, დანარჩენებს კი ეძინათ. ყაჩაღანას ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორე კი გერდას კისერზე შემოეხვია და ხვრინვა ამოუშვა. გოგონას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რადგან არ იცოდა ყაჩაღები მას მოკლავდნენ თუ ცოცხალს დატოვებდნენ.

მოულოდნელად გარეულმა მტრედებმა ღუღუნით წარმოსთქვეს:

- გურ-გურ! ჩვენ ვნახეთ კაი! თეთრ ქათამს მისი ციგა ზურგზე მოკიდებული მოჰქონდა, თვითონ კი თოვლის დედოფლის მარხილში იჯდა. ისინი ტყეში მიჰქროდნენ, ჩვენ კი, ჯერ კიდევ ბუდეში ვიწექით. თოვლის დედოფალმა ისე შემოგვიბერა, რომ ჩვენს გარდა, ყველანი გაიყინენ. გურ-გურ!

- ნუთუ მართლა ნახეთ კაი?!- წამოიძახა გერდამ. - ხომ არ იცით საით წავიდა თოვლის დედოფალი?

- ალბათ, ლაფლანდიაში - იქ ხომ მუდმივად თოვლი და ყინვაა. აგერ, ჩრდილოეთის ირემს შეეკითხე, ალბათ მას უკეთ ეცოდინება.

- დიახ, იქ მარადიული თოვლი და ყინულია. შესანიშნავი ადგილია! - თქვა ჩრდილოეთის ირემმა, - იქ შენს ნებაზე იმდენი შეგიძლია ინავარდო, რამდენიც გნებავს. სწორედ იქ არის თოვლის დედოფლის საზაფხულო სასახლე, ხოლო მუდმივი ადგილსამყოფელი - დიდებული დარბაზები - ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს, კუნძულ შპიცბერგენზეა განლაგებული.

- ოჰ,კაი, ჩემო ძვირფასო კაი! - ამოიოხრა გერდამ.

- წყნარად იწექი, თორემ ამ დანას ჩაგცხებ! - აბუზღუნდა პატარა ყაჩაღანა.

დილით გერდამ მასპინძელს უამბო, რაც გარეული მტრედებისგან მოისმინა.  პატარა ყაჩაღანამ გოგონას ყურადღებით შეხედა, თავი გააქნია და წარმოსთქვა:

- ჰოოო!... - შენ იცი სად არის ლაფლანდია? - შეეკითხა იგი ბოლოს ჩრდილოეთის ირემს.

- თუ არა მე, აბა ვის ეცოდინება?! - უპასუხა ირემმა და თვალები გაუბრწყინდა, - მე ხომ იქ დავიბადე და გავიზარდე.

- მომისმინე, - უთხრა გერდას პატარა ყაჩაღანამ, - ჩვენები ყველანი უკვე წავიდნენ, სახლში მხოლოდ დედაჩემი დარჩა; ცოტა ხნის შემდეგ დიდი ბოთლიდან სასმელს გადაჰკრავს და ჩაეძინება, აი, მაშინ შევძლებ შენს დახმარებას.

და აი დედაბერმა მართლაც გადახუხა დიდი ბოთლიდან რაღაც სასმელი და ხვრინვა ამოუშვა. პატარა ყაჩაღანა ჩრდილოეთის ირემთან მივიდა და უთხრა:

- ძალიან მსურს კვლავ გავერთო შენით! ძალზე სასაცილოდ გამოიყურები, როდესაც დანის წვერით კისერში გიღიტინებ, მაგრამ რაც არის, არის - ახლავე კისრიდან თოკს შეგხსნი და გაგანთავისუფლებ. შეგიძლია შენს ლაფლანდიაში მოუსვა, მაგრამ სამაგიეროდ ეს გოგონა თოვლის დედოფლის სასახლეში უნდა წაიყვანო - იქ მისი ძმობილი კაი იმყოფება. შენ ალბათ მოუსმინე, რაც მან მომიყვა. შენ ხომ ყურები მუდამ დაცქვეტილი გაქვს.

ჩრდილოეთის ირემმა სიხარულისაგან შეიკუნტრუშა, პატარა ყაჩაღანამ გერდა ირემზე შესვა და ყოველი შემთხვევისათვის ზედ მაგრად მიაბა, ხოლო მოხერხებულად რომ მჯდარიყო, ქვეშ ბალიში ამოუდო.

- აჰა, უკანვე აიღე შენი ბეწვიანი ჩექმები, - უთხრა ყაჩაღანამ, - გზაში ხომ სიცივე იქნება! ხელსათბურს კი დავიტოვებ, მე ის ძალიან მომწონს. სამაგიეროდ დედაჩემის ხელთათმანებს მოგცემ, იდაყვებამდე მოგწვდება. აბა ხელები შიგ გაუყარე! ახლა შენ ხელები დედაჩემის მახინჯ ხელებს მიგიგავს.

გერდა სიხარულისაგან ტიროდა.

- ვერ ვიტან, როდესაც სლუკუნებ! - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - შენ ახლა კი არ უნდა ტიროდე, არამედ გიხაროდეს. აი შენ, ორი პური და ლორი, რომ გზაში არ იშიმშილო.

ყაჩაღანამ ერთიც და მეორეც ირემს ზურგზე დააკრა, კარები გააღო, მრისხანე ქოფაკები სახლში შეიტყუა, თავისი მჭრელი დანით თოკი გადაჭრა და ირემს უთხრა:

-   აბა, აქედან სწრაფად მოუსვი და გოგონას გაუფრთხილდი.

გერდამ პატარა ყაჩაღანას თავისი უზარმაზარ ხელთათმანებიანი ხელები გაუწოდა და დაემშვიდობა. ჩრდილოეთის ირემი ადგილიდან მოწყდა და მთელი სისწრაფით წინ გაქანდა. გადაიქროლა ტყეები, ჭაობები და ტრამალები. ირგვლივ მგლები ყმუოდნენ და ყორნები მოსჩხაოდნენ.

- ოჰ, ოჰ! - მოისმა უეცრად ციდან და თითქოს ცარგვალი ცეცხლად აინთო.

- აი ისიც, ჩემი მშობლიური ჩრდილოეთის ნათება! - თქვა ირემმა. - შეხედე, როგორ კაშკაშებს!

ირემმა კიდევ უფრო სწრაფად გაქუსლა წინ. დღედაღამ, შეუსვენებლად მირბოდა. პურები უკვე გათავდა, ლორიც გამოილია და აი, ისინი ლაფლანდიაში აღმოჩნდნენ.

 
 

 

ამბავი მეექვსე

ლაფლანდიელი და ფინელი ქალები

             

 
            ირემი ერთ-ერთი ღარიბული ქოხის წინ შეჩერდა. მისი სახურავი მიწამდე იყო დაშვებული, კარები კი ისეთი დაბალი ჰქონდა, კაცი ფორთხვით თუ შეძვრებოდა შიგ.

            ქოხში მხოლოდ ერთი ლაფლანდიელი დედაბერი აღმოჩნდა, რომელიც ქონის ჭრაქის შუქზე თევზს სწვავდა. ჩრდილოეთის ირემმა ლაფლანდიელ ქალს გერდას მთელი თავგადასავალი უამბო, მაგრამ მანამდე საკუთარი მოუყვა, რადგან მას ეს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

            გერდა სიცივისაგან ისე გაფიჩხულიყო, რომ ხმის ამოღების თავიც არა ჰქონდა.

- ოჰ, თქვე საწყლებო! - თქვა ლაფლანდიელმა. - წინ კიდევ უზარმაზარი გზა გიდევთ: ფინეთამდე, სადაც თოვლის დედოფალი ცხოვრობს და ყოველ საღამოს ცისფერ, ბენგალურ ცეცხლს ანთებს ხოლმე, ას მილზე მეტი გაქვთ გასავლელი. მე რამდენიმე სიტყვას წაგიწერთ გამხმარ თევზზე, რადგან ქაღალდი არა მაქვს და ფინელ ქალთან გაგატანთ. ის ქალი ჩემზე უკეთ დაგეხმარებათ.

როდესაც გერდა გათბა, დანაყრდა და კარგად დაისვენა, ლაფლანდიელმა ქალმა მართლაც დაუწერა რამდენიმე სიტყვა გამხმარ თევზზე, გააფრთხილა არ დაგეკარგოსო, გოგონა ირმის ზურგზე შესვა, ზედ მიაბა და ირემიც წინ გაქანდა.

- ოჰ, ოჰ! - ისევ მოისმა ციდან და იქედან საუცხოო ფერის ნათება გადმოიფრქვა. ბოლოს ფინეთშიც ჩააღწიეს და ფინელი ქალის საკვამურზე დააკაკუნეს, რადგან მის სახლს კარები საერთოდ არა ჰქონდა.

სახლში ისეთი სიცხე იდგა, რომ ფინელი ქალი ნახევრად შიშველი დადიოდა. მან სწრაფად გახადა გერდას კაბა, ხელთათმანები და ჩექმები - სხვანაირად გოგონას ძლიერ დასცხებოდა. ირემს თავზე ყინულის ნაჭერი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა წერილის კითხვას, რომელიც გამხმარ თევზზე იყო დაწერილი.

მან წერილი სამჯერ, სიტყვა სიტყვით წაიკითხა და როდესაც კარგად დაიზეპირა, თევზი  ქვაბში ჩადო - იგი ხომ საჭმელად ვარგისი იყო.

ირემმა ფინელ ქალს ჯერ თავისი თავგადასავალი უანბო, შემდეგ კი გერდასი მოუყვა. მასპინძელი თვალებს ახამხამებდა და ხმას არ იღებდა.

- შენ ისეთი ბრძენქალი ხარ... - უთხრა ირემმა. - ხომ ვერ დაგვიმზადებდი გოგონასთვის ისეთ სასმელს, რომელიც მას თორმეტი გოლიათის ღონეს მისცემდა? მაშინ იგი თოვლის დედოფალს აუცილებლად მოერეოდა!

- თორმეტი გოლიათის ღონე! - ჩაილაპარაკა ფინელმა ქალმა. - მერე გამოადგება კი იგი?!

ამ სიტყვებთან ერთად მან ტაროდან ტყავის გრაგნილი აიღო და გაშალა: იგი სავსე იყო რაღაც საოცარი ნაწერებით.

ფინელი ქალი კითხვას შეუდგა და მანამდე კითხულობდა, სანამ შუბლიდან ოფლი ღვარად არ წამოუვიდა.

ირემმა ისევ სთხოვა, დახმარებოდა გერდას, თვითონ გოგონა კი ფინელს ისეთი მავედრებელი, ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, რომ მან ისევ აახამხამა თვალები, ირემი გვერდზე გაიხმო და თან თავზე ყინულს უცვლიდა, თანაც ეჩურჩულებოდა:

- კაი მართლაც თოვლის დედოფალთანაა, მაგრამ იგი ძალზე კმაყოფილია და მიაჩნია, რომ უკეთეს ბედს ვერც კი ინატრებდა. ამის მიზეზი ჯადოქრული სარკის ის ნამსხვრევებია, გულსა და თვალში რომ ჩაუვარდა. თუ ისინი იქედან არ მოშორდნენ, თოვლის დედოფლის გავლენას თავს ვერასოდეს დააღწევს.

- შენ არ შეგიძლია, გერდას ისეთი რამ მისცე, რაც მას ყველაზე ძლიერს გახდის? - შეეკითხა ირემმა.

- ვერა, იმაზე ძლიერს, ვიდრე ის თვითონ არის, მე ვერ გავხდი! ნუთუ ვერ ამჩნევ, რა უზარმაზარი ძალის პატრონია იგი? ვერ ხედავ როგორ თავდადებით ემსახურებიან მას ადამიანებიც და ცხოველებიც? მან ხომ ფეხშიშველმა ნახევარი ქვეყნიერება შემოიარა! გერდას სიძლიერე მის მოსიყვარულე გულშია, იმაში, რო იგი უმანკო და კეთილი გოგონაა. მან თვითონ უნდა შესძლოს თოვლის დედოფლის დარბაზებში შეღწევა და კაის სხეულიდან ჯადოსნური სარკის ნამსხვრევების ამოღება. ჩვენ ვერაფერს ვუშველით! აქედან ორი მილის სავალზე თოვლის დედოფლის ბაღები იწყება. მიიყვანე გოგონა იქ, დასვი და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდი.

ამ სიტყვებით ფინელმა ქალმა გერდა ირმის ზურგზე შესვა და ცხოველიც იმ წამსვე მთელი სისწრაფით გაეშურა წინ.

- ვაიმე, სადაა ჩემი თბილი ჩექმები?! სადაა ჩემი ხელთათმანები?! - დაიყვირა გერდამ, როგორც კი ყინვაში აღმოჩნდა.

ირემი კი მთელი სისწრაფით გარბოდა და მანამ არ შეჩერებულა, სანამ წითელ ნაყოფიან, დიდ ბუჩქთან არ მიირბინა. იქ მან გოგონა ზურგიდან ჩამოსვა, სახე დაუკოცნა და ლოყებიდან ცრემლები წამოსცვივდა. შემდეგ მოტრიალდა და ისარივით უკან მოკურცხლა.

საწყალი გოგონა ყინვაში უჩექმოდ და უხელთათმანოდ მარტოდმარტო დარჩა.

გერდა წინ გაიქცა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა. მის შესახვედრად თოვლის ფანტელების მთელი ლაშქარი მოჰქროდა. მაგრამ ისინი ციდან როდი ცვიოდნენ - ცა მოწმენდილი იყო - ჩრდილოეთის ნათებას არემარე მზესავით გაენათებინა. ფანტელები მიწიდან პირდაპირ გერდასკენ მორბოდნენ და სულ უფრო და უფრო მსხვილნი ხდებოდნენ.

გოგონას მოაგონდა, თუ როგორი მსხვილნი ჩანდნენ ფანტელები გამადიდებელი შუშის ქვეშ, მაგრამ ესენი გაცილებით დიდნი და საშიშნი იყვნენ.

ეს ფანტელები თოვლის დედოფლის მზვერავთა მოწინავე ლაშქარი გახლდათ. ერთნი საზიზღარ ზღარბებს ჰგავდნენ, მეორენი - ასთავიან გველეშაპებს, მესამენი - თმა გაბურძგნულ დათვებს. მაგრამ ყველანი თეთრად მოქათქათე, ცოცხალი თოვლის ფანტელები იყვნენ.

გერდა მაინც მედგრად მიიწევდა წინ და ბოლოს თოვლის დედოფლის დარბაზებთანაც მიაღწია.

მოდით, ახლა ვნახოთ, რას აკეთებდა ამ დროს კაი. იგი გერდაზე საერთოდ არ ფიქრობდა და წარმოდგენაც არა ჰქონდა, თუ იგი მასთან ასე ახლოს იმყოფებოდა.

 

 

ამბავი მეშვიდე

რა ხდებოდა თოვლის დედოფლის

სასახლეში და რა მოხდა შემდეგ

 

            თოვლის დედოფლის სასახლის კედლები ქარბუქისგან იყო ნაგები, კარები და ფანჯრები კი ქარიშხლისა ჰქონდა. ასზე მეტი დარბაზი ერთი მეორის მიყოლებით ისე იყვნენ განლაგებულნი, როგორც ისინი ახირებულმა ქარმა მიაბუქა. დარბაზები ჩრდილოეთის ნათებით იყვნენ განათებულნი და მათგან ყველაზე დიდი, მრავალ მილზე იყო გადაჭიმული. რა საშინელ სიცივეს და სიცარიელეს დაესადგურებინა ამ დარბაზებში! მხიარულებას და სიხარულს აქ არასოდეს შემოეხედა: არ იმართებოდა დათვების ბალ-მასკარადები, სადაც თეთრ დათვებს შეეძლოთ, ქარიშხლის მუსიკაზე, გრაციოზულად ეცეკვათ და უკანა ფეხებით სიარულის ოსტატობა ეჩვენებინათ, არასოდეს თამაშობდნენ ბანქოს, რომელსაც მუდამ ახლავს ჩხუბი და აყალ-მაყალი. ვერასოდეს მოისმენდით ფინჯან ყავაზე შეკრებილი თეთრი მელიების ჭორაობას. აქ მხოლოდ სიცივე, სიცარიელე და გრანდიოზულობა გამეფებულიყო.

            თოვლისგან ნაგები, ყველაზე დიდი, ცარიელი დარბაზის შუაგულში, ერთი გაყინული ტბა მდებარეობდა. მასზე ყინული ათას ნაწილად იყო დამსკდარი, მაგრამ ეს ნაწილები ისე საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ რაღაც ფოკუსი გეგონებოდათ. დედოფალი, როცა შინ გახლდათ, ტბის შუაგულში, ყინულზე იყო მოკალათებული და მიაჩნდა, რომ იგი გონების სარკეზე იჯდა; მისი აზრით ეს იყო ერთადერთი და საუკეთესო სარკე მთელს ქვეყნიერებაზე.

            კაი მთლად გალურჯებულიყო და სიცივისაგან ნელ-ნელა შავდებოდა კიდეც, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდა - თოვლის დედოფლის კოცნამ მას სიცივის შეგრძნება დაუკარგა, ხოლო გული ისედაც გაყინული ჰქონდა. ბიჭი ყინულის ბრტყელ, მჭრელ კიდეებიანი ნატეხების ერთმანეთზე დაწყობით ერთობოდა. ხომ არსებობს ასეთი თამაში - ხის პატარა ფიცრების საშუალებით, სხვადასხვა ფიგურების აწყობა, რომელსაც ჩინურ თავსატეხს უწოდებენ. კაიც ყინულის ნატეხებით ასეთი ფიგურის აწყობას ცდილობდა, რომელსაც გონების ყინულოვანი ვარჯიში ერქვა. მის თვალში ყინულის ნატეხები ხელოვნების საოცარ ნიმუშებს წარმოადგენდნენ, ხოლო მათი აწყობა - უპირველეს საქმეს. ეს იმიტომ ხდებოდა რომ მას თვალში ჯადოსნური სარკის ნამსხვრევი ედო. ხანდახან მისი აწყობილი ფიგურებიდან სიტყვებიც გამოდიოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ააწყო სიტყვა ”მარადისობა”, რომელიც მას ყველაზე მეტად უნდოდა. ამ სიტყვის აწყობა მას ასე ძალიან იმიტომ სურდა, რომ თოვლის დედოფალმა უთხრა: ”თუ ამ სიტყვას ააწყობ, შენი თავის ბატონ-პატრონი შენვე იქნები და მე შენ მთელ ქვეყნიერებას, აგრეთვე ერთ წყვილ ციგურებს გაჩუქებო”. მაგრამ ბიჭი სულ ტყუილუბრალოდ წვალობდა - სიტყვა ”მარადისობა”-ს აწყობას ვერ ახერხებდა.

- ახლა მე თბილ ქვეყნებში უნდა გავფრინდე და შავ ქვაბებში ჩავიხედო, - თქვა ერთ დღეს თოვლის დედოფალმა.

შავ ქვაბებს ის ცეცხლის მფრქვეველი მთის კრატერებს: ეტნასა და ვეზუვს ეძახდა.

თოვლის დედოფალი გაფრინდა, ხოლო კაი თვალუწვდენელ, ცარიელ დარბაზში მარტო დარჩა. შესცქეროდა ყინულებს, დღე და ღამ ფიქრობდა და ფიქრისაგან თავი უსკდებოდა. გაფითრებული, ერთ ადგილას უძრავად იჯდა. კაცი იფიქრებდა, მთლად გაყინულაო.

სწორედ ამ დროს, დარბაზს, რომელსაც კარებად ქარიშხალი ჰქონდა შებმული, გერდა მოადგა. მოულოდნელად ქარიშხალი ჩადგა, თითქოს ჩაეძინაო. გოგონა უზარმაზარ, თოვლისგან ნაგებ, ცარიელ დარბაზში შევიდა და კაი დაინახა. გერდამ უმალვე იცნო იგი, ყელზე შემოეხვია, გულში ჩაიკრა და აღტაცებით შესძახა:

- კაი, ჩემო ძვირფასო კაი! როგორც იქნა გიპოვნე!

ბიჭი კი ისევ უძრავად იჯდა. მაშინ გერდა მდუღარე ცრემლებით ატირდა. ცხელი ცრემლები კაის მკერდზე დაეცა, გულში შეაღწია, გაადნო ყინულის საფარველი და მასთან ერთად ჯადოსნური სარკის ნამსხვრევებიც. ბიჭმა შეხედა გერდას, თვალები ცრემლებით აევსო და ისე ცხარედ ატირდა, რომ ცრემლებთან ერთად თვალებიდან სარკის ნატეხებიც გადმოუვარდა. კაიმ ახლა კი იცნო თავისი დობილი და სიხარულისაგან შესძახა:

- გერდა, ძვირფასო გერდა!.. სად იყავი ამდენი ხანი, ან მე თვითონ სად ვიყავი? და მან ირგვლივ მიმოიხედა. - რა საშინელი სიცივე და სიცარიელეა აქ!

კაი გერდას მაგრად ჩაეკრა. გოგონა სიხარულისაგან კისკისებდა და ცეკვავდა. ეს ისეთი შესანიშნავი სანახაობა იყო, რომ ყინულის ნატეხებმაც ცეკვა დაიწყეს. იცეკვეს, იცეკვეს და როდესაც დაიღალნენ, დალაგდნენ და ჰოი საოცრებავ! სწორედ ის სიტყვა - ”მარადისობა” - შეადგინეს, რომლის შედგენაც თოვლის დედოფალმა დაავალა. ამის შემდეგ კაი თავის თავის ბატონ-პატრონი, ანუ თავისუფალი შეიქნა და დამატებით მთელი ქვეყნიერების, აგრეთვე ერთი წყვილი ციგურების მიღებაც შეეძლო.

გერდამ კაის ლოყებზე აკოცა და ორივე ლოყა წამსვე ვარდისფრად აუღაჟღაჟდა; აკოცა თვალებში და თვალებიც ძველებურად გაბრწყინდნენ; შემდეგ ხელ-ფეხი დაუკოცნა და ისინიც ხელად ჯანმრთელნი და ენერგიულნი გახდნენ.

თოვლის დედოფალი ახლა საშიში აღარ იყო: მის გავლენას კაიზე ძალა უკვე დაკარგული ჰქონდა და ამის საბუთი ყინულის ბრწყინავი ნატეხებით დაწერილი სიტყვა ”მარადისობა” გახლდათ.

კაი და გერდა ყინულოვანი დარბაზიდან ხელიხელ ჩაკიდებულნი გამოვიდნენ. ისინი მიდიოდნენ და საუბრობდნენ ბებიაზე, მათ ბაღში აყვავებულ ვარდებზე. ქარიშხალი უკვე ჩამდგარიყო, მზე ანათებდა, ხოლო როდესაც წითელი ნაყოფით დახუნძლულ ბუჩქთან მივიდნენ, იქ მათ ჩრდილოეთის ირემი ელოდებოდათ.

გოგონა და ბიჭი ჯერ ფინელ ქალს ესტუმრნენ, კარგად გათბნენ და შინისაკენ მიმავალი გზა გამოჰკითხეს. შემდეგ კი ლაფლანდიელი ქალისკენ გასწიეს, რომელმაც მათ ახალი ტანსაცმელი შეუკერა და თავისი ციგით ისინი კარგა მანძილზე გააცილა.

ჩრდილოეთის ირემმა და ლაფლანდიელმა ქალმა კაი და გერდა ლაფლანდიის საზღვრამდე მიაცილეს, სადაც ისინი მათ გამოემშვიდობნენ.

უკვე გაზაფხული დამდგარიყო: მიწიდან მწვანედ მოხასხასე ბალახს ამოეყო თავი. აი, ტყეც გამოჩნდა. აჟღურტულდნენ ჩიტები. ხეები მწვანე კვირტებით დაიფარნენ. ტყიდან მათ შესახვედრად შესანიშნავ ცხენზე ამხედრებული, ახალგაზრდა ქალიშვილი გამოვიდა, რომელსაც ქამარში რევოლვერები ჰქონდა გარჭმული.

გერდამ მყისვე იცნო ისინი: ქალიშვილი სწორედ ის ყაჩაღანა გახლდათ, რომელმაც იგი სიკვდილს გადაარჩინა, ხოლო ცხენი კი ის ბედაური, ყაჩაღებმა მისი ეტლიდან რომ გამოხსნეს.

ქალიშვილმაც იცნო გერდა. უნდა გენახათ, როგორ გაიხარა ორივემ!

- აბა, ერთი კარგად დამენახე, შე მაწანწალავ! - უთხრა მან კაის. - მინდა დავრწმუნდე, ღირხარ კი იმად, რომ შენი გულისთვის ადამიანმა მთელი ქვეყანა შემოიაროს და კიდით კიდემდე გეძებოს?

გერდა მას ლოყაზე ხელით მოეფერა და პრინცისა და პრინცესას ამბავი გამოჰკითხა.

- ისინი უცხო ქვეყნებში წავიდნენ, - უპასუხა ახალგაზრდა ყაჩაღმა

- ყვავი სადღაა? - კვლავ შეეკითხა გერდა.

- გარეული ყვავი მოკვდა, მოშინაურებული კი დაქვრივდა. გლოვის ნიშნად ფეხზე შავი ნაჭერი უკეთია და თავის ბედს მისტირის, მაგრამ ეგ არაფერია. უმჯობესია მიამბო თავს რა გადაგხდა და როგორ იპონვე შენი ძმობილი!

გერდამ და კაიმ თავიანთი თავგადასავალი უამბეს. შემდეგ იგი თავისი გზით წავიდა, გერდა და კაი კი თავისი გზით.

ისინი მიდიოდნენ და მათ გზაზე გაზაფხულის ყვავილები გაფურჩქნულიყვნენ. ბალახი მწვანედ ბიბინებდა.

აი, ზარის გაბმული ხმა შემოესმათ. ეს მათი მშობლიური ქალაქის სამრეკლოს ზარი გუგუნებდა. ისინი ნაცნობ კიბეებს აუყვნენ და ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი ძველებურად დახვდათ: საათი ”ტიკ-ტიკ”-ო ტიკტიკებდა, ხოლო ისრები ციფერბლატზე უწინდებურად დაცოცავდნენ. მაგრამ როგორც კი ოთახის დაბალი კარები გაიარეს, მიხვდნენ, რომ გაზრდილიყვნენ და დიდები გამხდარიყვნენ. გაფურჩქნული ვარდის ბუჩქები სახურავიდან წინანდებურად ფანჯარაში იჭყიტებოდნენ; მათი პატარა საბავშვო სკამებიც იქვე ეწყო. კაი და გერდა თავთავიანთ სკამებზე დასხდნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და თოვლის დედოფლის გაყინული, ცარიელი დარბაზები ცუდი სიზმარივით დაავიწყდათ.

ისხდნენ ასე, ერთმანეთის გვერდით, ხნით უკვე დიდები, მაგრამ გულით ისევ ბავშვები. გარეთ კი უკვე ზაფხული იდგა, თბილი, მადლიანი ზაფხული.

 

  
 

 

 მახინჯი იხვის ჭუკი

 

ეს ამბავი ერთ დიდ არმიდამოში მოხდა, სადაც ბევრი სხვადასხვა შინაური ფრინველი  ცხოვრობდა. შინაური იხვი საბუდარში, კვერცხებზე იჯდა და თავისი ჭუკების გამოჩეკას  მოთმინებით ელოდა.

როგორც იქნა, ნანატრი დღე დადგა და კვერცხის ნაჭუჭების მსხვრევის ხმაც გაისმა. დედა იხვმა დაინახა, როგორ გამოყვეს თავი კვერცხებიდან პაწია ჭუკებმა.

- მალე, მალე გამოძვერით ნაჭუჭებიდან, თქვენ ფრინველთა ეზო გელოდებათ, დააჩქარა  დედამ  პატარები  და  შვილები  გადათვალა:

- ერთი, ორი, სამი, ოთხი... მაგრამ ის ერთი სად არის?  -  დედამ საბუდრისაკენ გაიხედა და დაინახა, რომ ერთი, ყველაზე დიდი კვერცხი ჯერაც მთელი იყო.

რა უნდა ექნა იხვს? ისევ საბუდარში დაბრუნდა და დაელოდა, როდის დაიმსხვრეოდა ის  კვერცხი. რამდენიმე დღეში კვერცხი გაიბზარა და იქიდან თავი პაწია არსებამ გამოყო.

- ეს  ვინ  არის, ჩემს ჭუკებს სულაც არ ჰგავს, - გაიკვირვა დედა იხვმა და კვერცხის ნაჭუჭიდან გამომძვრალი პატარა გულდაგულ შეათვალიერა. ის თითქოს რაღაცით კი ჰგავდა მის პაწია ჭუკებს, მაგრამ მახინჯი იყო  -  ტანად დიდი, რუხი ფერის, თითქოს ნისკარტიც სხვაგვარი ჰქონდა, დანარჩენები კი ზომით ერთნაირები იყვნენ, ყვითლები და ლამაზები.

გულდაწყვეტილმა გადახედა დედა იხვმა მახინჯ შვილს, ყველა თავის ჭუკს ერთად მოუყარა თავი და დაარიგა:

- იცოდეთ, პატარებო, ჭკვიანად უნდა მოიქცეთ, უფროსებს პატივი უნდა სცეთ, აი, იმ მსუქან იხვს ხომ ხედავთ, ამ ეზოს ყველაზე პატივსაცემი ქალბატონია, ის უცხო ჯიშისაა მგონი სხვებზე ლამაზიც არის, ფეხზე წითელი ლენტიც აქვს შებმული, ამიტომ მას განსაკუთრებული პატივით უნდა მოეპყრათ... კატას კი უფრთხილდით, მას ბასრი ბრჭყალები აქვს და შეუძლია დაგკაწროთ...

დედა იხვმა პატარების დამოძღვრა დაასრულა და ერთ  მწკრივად დაწყობილები ეზოში გავიდნენ, სადაც მათ გამოჩენას უკვე მოუთმენლად ელოდნენ სხვა შინაური ფრინველები.

- მშვენიერი შვილები გყავთ, ჩემო ძვირფასო, - შეეგება დედა იხვს უცხო ჯიშის ქალბატონი იხვი, - ოღონდ ეს ერთი რატომ არის ასეთი მახინჯი, ვერაფრით გამიგია?!

            იმ დღიდან კარმიდამოში მახინჯ იხვის ჭუკს ყველა გადაეკიდა, საბრალოს ქათმები თავში უნისკარტებდნენ, და-ძმები მახინჯს ეძახდნენ და ახლოს არ იკარებდნენ, ისიც კი მოეჩვენა, რომ  დედამაც აითვალწუნა. ამის ატანა პატარას აღარ შეეძლო, ამიტომაც ერთ დღეს ეზო გადაირბინა,  თავისი პაწია ფრთები გაშალა, ღობეს გადაევლო და პირდაპირ ეკლიან ბუჩქებში ამოყო თავი.

            ცოტა ხანში პატარა ჭუკი ბუჩქებიდან გამოძვრა და ფრთების ფართხუნით გაიქცა. დიდხანს ირბინა და საღამო ხანს ერთ პატარა ტბას მიუახლოვდა, სადაც გარეული იხვები ბინადრობდნენ.

პატარა იხვებთან გაჭირვებით მიცურდა და თავი მდაბლად დაუკრა, მას დედის დარიგება კარგად ახსოვდა, უფროსებს ზრდილობიანად უნდა მოჰქცეოდა.

ეს ვინ არის, თითქოს იხვს წააგავს, მაგრამ რატომაა ასეთი მახინჯი და არც ჩვენ ჩამოგვგავს! - ნისკარტები  აიბზუეს  გარეულმა  იხვებმა.

- ნება მომეცით, მეც აქ, ამ ტბაში ვიცხოვრო,  -  ითხოვა იხვის ჭუკმა.

- იცხოვრე თუ გინდა, ოღონდ ჩვენ ახლოს არ გაგვეკარო,  - ნება დართეს არეულმა იხვებმა.           

ამაზეც მადლობელი იყო პატარა, მშვიდად დაცურავდა ტბაში და ლამაზი იხვების ცქერით ტკბებოდა, მაგრამ ერთ დღეს უეცრად ტბის ნაპირზე საშინელი ხმაური ატყდა, იხვის ჭუკმა გვიმრის ფოთლებიდან თავი გამოყო და დაინახა, რომ ირგვლივ მონადირეები შეკრებილიყვნენ და თოფებს ისროდნენ:

-პიფ, პუფ, -  ისმოდა ყველა მხრიდან და ამას ძაღლების ყეფაც ემატებოდა.

ტბის  ნაპირზე   კი  რამდენიმე  მოკლული  გარეული  იხვი  ტივტივებდა. ძალიან  შეშინდა  პატარა  ჭუკი,  სასწრაფოდ  ამოხტა  წყლიდან  და  ფრთების ფართხუნით  გაიქცა. დიდხანს  ირბინა  პატარამ  და  საღამო  ხანს  ერთ  ქოხს  მიადგა,  ქოხის  კარი ნახევრად  ღია  დახვდა,  შიგნით  შეძვრა  და  დაიძინა.

გათენდა...  იმ  ქოხში  ერთი  დედაბერი  ცხოვრობდა,  მას  საყვარელი  კატა ჰყავდა. პატარა  ჭუკს  კარგად   ახსოვდა  დედის  დარიგება,  რომ  კატებს  უნდა მორიდებოდა,  ამიტომ  ფისოს  ზრდილობიანად  დაუკრა თავი და დედაბერის კალთას  ამოეფარა.

- შენ  კვერცხის  დადება  შეგიძლია? -ჰკითხა დედაბერმა.

            - არა ,- გულწრფელად უპასუხა იხვის ჭუკმა .

            - არც კნავილი და კუდის აპრეხა იცი ? - დაინტერესდა კატა.                                           

            - არა, არც ეგ ვიცი, - თავი დახარა იხვის ჭუკმა.

- ჩვენ უსაქმური და უმაქნისი მობინადრე არ გვჭირდება, ახლავე გაშორდი  ჩვენს ქოხს, - დაუცაცხანეს კატამ და დედაბერმა და გარეთ გააგდეს.

            ისევ ფრთების ფართხუნით გაიქცა, ირბინა, ირბინა და შორი ახლო მოზრდილი გუბე აღმოაჩინა, იქ მას ცურვას ვერავინ დაუშლიდა,ამიტომაც ჭუკი მთელი დღე წინ და უკან დაცურავდა.

            ამასობაში შემოდგომა დადგა, აცივდა კიდეც. მალე თოვლიც წამოვიდა და გუბემ გაყინვა დაიწყო. იხვის ჭუკი შეუსვენებლად დაცურავდა წინ და უკან, რომ როგორმე თავისი გუბე გაყინვისგან ეხსნა, მაგრამ ბუნების კანონს წინ ხომ ვერ აღუდგებოდა... ერთ დღესაც ძლიერი ყინვის გამო საბრალო ჭუკიც გუბეს მიეყინა.

            ბევრი აფართხალა ფრთები, ცდილობდა ყინულიდან თავი დაეღწია, მაგრამ ვერაფერი    შეძლო. იფიქრა, ალბათ ეს არის ჩემი ბოლოო, რომ ბავშვის მხიარული ხმა გაიგონა:

- მამიკო,მამიკო, შეხედე, მგონი,პატარა იხვი იყინება, მოდი ვუშველოთ?!

            მართლაც პატარა ჭუკმა იგრძნო,ძლიერმა ხელმა როგორ მოაცილა იგი ყინულს და სადღაც წაიღო.

            ადამიანებმა ის შინ მიიყვანეს და აგიზგიზებული ბუხრის წინ დააწვინეს. რამდენიმე დღეში იხვის ჭუკი გონს მოეგო და სახლსაც შეეჩვია. ის და პატარა ბიჭუნა მშვენივრად თამაშობდნენ ერთად.

            ასე გავიდა ზამთარი, მახინჯი ჭუკი ადამიანებს მიეჩვია, მაგრამ გული მაინც გარეთ მიუწევდა, სურდა თავისნაირები ეპოვა და მათთან გაშინაურებულიყო.

            მალე გაზაფხულიც დადგა. ერთ დღეს ჭუკმა გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ირგვლივ ყველაფერი ამწვანებულიყო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მან ფრთები გაშალა და იგრძნო, რომ გაცილებით ძლიერი იყო, ფრენაც მშვენივრად შეეძლო. გაშალა ფრთები და აფრინდა. იფრინა, იფრინა და ერთ ლამაზ გუბესთან მიფრინდა.

            უცებ ფრთების თქარათქური შემოესმა და დაინახა, რომ მისკენ სამი ულამაზესი, თეთრი გედი მოფრინავდა. იხვის ჭუკი რომ დაინახეს, ისინი ტბის ზედაპირზე დაეშვნენ და მაშინვე მისკენ გაცურეს.

            ალბათ არ სურთ ჩემნაირი მახინჯი ამ ტბაში ცხოვრობდეს და ჩემსკენ იმიტომ მოემართებიან, რომ ფრთებით გადამთელონ, თუმცა, ასეთ სიცოცხლეს მირჩევნია, ამ ლამაზი ფრინველების ფრთებქვეშ დავლიო სული, - გაიფიქრა ჭუკმა და თავი დახარა.    

            უცებ მან კამკამა წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და გაოცდა – ის აღარ ჰგავდა მახინჯ იხვის ჭუკს. იგი ულამაზეს, თეთრ გედად გადაქცეულიყო.

            ამ დროს ტბასთან პატარა ბავშვები მიცვივდნენ.

- შეხედეთ, ჩვენს ტბაში ახალი გედი გამოჩნდა, ის ყველაზე დიდი და ლამაზია.

სამი თეთრი გედი კი მის გარშემო დაცურავდა და ეალერსებოდა. ახალგაზრდა გედს ვერც კი დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, რადგან მშვენივრად ახსოვდა  ის დრო, როცა მახინჯი ჭუკი იყო და უამრავ დაცინვას იტანდა,მაგრამ ეს ყველაფერი უკან დარჩა...მახინჯი ჭუკი ახლა ულამაზესი გედი იყო, მან ყელი მოიღერა და აღტაცებულმა წამოიძახა:

- ასეთ ბედნიერებაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ცხადშიც ხდება ხოლმე...                                 

    

 

ნამდვილი   პრინცესა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი პრინცი, რომელსაც სურდა ცოლად შეერთო ნამდვილი პრინცესა. აიღო რკინის ჯოხი, ჩაიცვა რკინის ქალამნები და საცოლის საძებნელად გზას გაუდგა. იარა, იარა პრინცმა, მთელი დუნია შემოიარა, პრინცესებიც ბევრი ნახა, მაგრამ რომელი იყო მათ შორის ნამდვილი, ვერ გაარკვია. ძალზე დაღონებული დაბრუნდა პრინცი შინ: ხუმრობა ხომ არ იყო, კაცი ხელმწიფის შვილი უცოლოდ რჩებოდა.

ერთ საღამოს ცა მოიქუფრა და ჭექ-ქუხილმა არე-მარე შეაზანზარა. გველის ენასავით დაკლაკნილი ელვა თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. თითქოს ცა გაიხაო, წვიმის საშინელი თქეში წამოვიდა. ერთი სიტყვით ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდა.

მოულოდნელად სასახლის კარიბჭზე კაკუნი გაისმა. კარები მოხუცმა ხელმწიფემ გააღო და რას ხედავს: კარს იქით ლამაზი გოგონა დგას! ღმერთო ჩემო, როგორ გალუმპულიყო! თმებიდან ღვარად ჩამომდინარე წყალი პირდაპირ ქოშების წვერებში თითებთან ჩაედინებოდა და ქუსლებიდან გამოედინებოდა. ის კი წყნარად იდგა და ამბობდა, რომ ნამდვილი პრინცესა იყო.

,,ამს ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ!“- გაიფიქრა გულში მოხუცმა დედოფალმა. იგი საძინებელ ოთახში გავიდა და საწოლზე მუხუდოს მარცვალი დადო, ზემოდან კი 12 ლეიბი და იმდენივე საბანი დააწყო.

სწორედ იმ საწოლზე დააწვინეს ღამით პრინცესა.

- წუხელ როგორ მოისვენეთ? -თავაზიანა შეეკითხნენ ას დილით.

- ოჰ, ძალზე ცუდა! - გატანჯული ხმით უპასუხა პრინცესამ. - მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. რაღაც მაგარ საგანზე ვიწექი და მთელი ტანი დალურჯებული მაქვს! პირდაპირ საშინელება გამოვიარე!

ყველანი მიხვდნენ, რომ მათ წინ ნამდვილი პრინცესა იდგა. აბა ასეთი ნაზი და მგრძნობიარე ნამდვილი პრინცესას გარდა სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?

            გახარებულმა პრინცმა იგი ცოლად შერთო, მუხუდოს მარცვალი კი შუშის ქილაში შეინახეს, რომლის ნახვა დღესაც შეიძლება, რასაკვირველია დღემდე თუ არავის აუწაპნია.

            იცოდეთ, ბავშვებო, რაც აქ მოგიყევით, ნამდვილი ამბავი გახლავთ.
           

 

 

ნამცეცა

 

            იყო და არა იყო რა, იყო ერთი უშვილო დედაკაცი. იგი დიდხანს ოცნებობდა შვილზე. ერთხელ დედაკაცი რჩევისათვის მოხუც ჯადოქართან მივიდა. ჯადოქარმა პაწაწინა მარცვალი მისცა და უთხრა:

- ეს უბრალო მარცვალი არ გეგონოს, დათესე და შენ თვითონ ნახავ, რაც მოხდება.

ქალმა მადლობა გადაუხადა ჯადოქარს და შინ დაბრუნებულმა დედაბრის დანაბარები მორჩილად შეასრულა. მარცვლიდან საოცრად ლამაზი ყვავილი ამოიფურჩქნა. ყვავილი ტიტას ჰგავდა. დედაკაცი დაიხარა და ყვავილის შუაგულში პატარა გოგონა დაინახა. გოგონას ნამცეცა დაარქვა.

ნამცეცა კაკლის ნაჭუჭში იძინებდა, ტანზე ვარდის ფოთლებს იფარებდა.

დედაკაცმა ფანჯრის რაფაზე წყლიანი თეფში დადგა და მისი ნაპირები ვარდებით მორთო. ნამცეცა ტიტას ფოთოლზე იჯდა და თეფშზე, ისე როგორც ტბაზე, დაცურავდა.

ერთხელ ღამით ნამცეცას ოთახში დიდი გომბეშო შემოიპარა, მან ნამცეცა დაინახა თუ არა, მაშინვე გაიფიქრა:

- მართლაც დიდებული მეუღლე ეყოლება ჩემს ვაჟს!

გომბეშომ კაკლის ნაჭუჭი გაიტაცა და მძინარე გოგონასთან ერთად ჭაობისაკენ გააქანა.

გომბეშო თავის შვილთან ერთად ჭაობში ცხოვრობდა.

- ყი-ყი-ყი! - ნამცეცას დანახვაზე სიხარულით აყიყინდა გომბეშოს ვაჟი.

გომბეშომ გოგონა დუმფარას ფოთოლზე დასვა, თვითონ კი თავისი ვაჟისათვის მყუდრო საცხოვრებლის საძებნელად გაეშურა.

დილით ნამცეცამ გამოიღვიძა და ჭაობის დანახვაზე საცოდავად ატირდა.

პაწაწინა თევზებმა შეიბრალეს გოგონა და დუმფარას ფოთლის ღერო მოწყვიტეს. ფოთოლი ნამცეცასთან ერთად მდინარის დინებას გაჰყვა. გოგონას ჭრელი პეპელაც დაეხმარა. ისინი სასწრაფოდ გაშორდნენ გომბეშოს სამფლობელოს.

სამშვიდობოს გასული  ნამცეცა მაისის ხოჭოს გადაეყარა. ხოჭოს მოეწონა მშვენიერი გოგონა, ხეზე აიყვანა და თავის მეგობრებს გააცნო. ხოჭოებმა მაშინვე აითვალისწუნეს სტუმარი. მაისის ხოჭომაც აღარ მოისურვა ნამცეცა და გვირილაზე დასვა.

გოგონამ ტყეში მარტოდმარტომ დაიწყო ცხოვრება. მან ბალახებისაგან ჰამაკი დაწნა და წვიმას რომ არ დაესველებინა, დიდი ფოთლის ქვეშ დაკიდა. ნამცეცა ყვავილის ტკბილი წვენით იკვებებოდა, ხოლო წყურვილს დილით ფოთლებზე გაჩენილი ნამით იკლავდა.

გავიდა ზაფხული და შემოდგომა. დადგა ზამთარი. თოვლი მოვიდა და ძალიან აცივდა. გოგონა მშრალ ფოთოლში გაეხვია და თბილი თავშესაფრის საძებნელად გაეშურა.

ნამცეცამ მინდვრის თაგვის სორო დაინახა. სოროსთა მივიდა და თაგვს ცოტაოდენი ქერის მარცვალი სთხოვა.

- საბრალო გოგონავ, შემოდი, გათბი, საჭმელიც ერთად ვჭამოთ, - უთხრა მინდვრის თაგვმა.

მინდვრის თაგვი ძალიან კეთილი იყო, მაგრამ ბებერი. თაგვს ნამცეცა ძალიან მოეწონა და უთხრა:

- თუ სახლს დამილაგებ და ზღაპრებსაც მომიყვები, ჩემს სოროში გაცხოვრებ.

ნამცეცა დათანხმდა.

თაგვის მეზობლად მდიდარი, ბრმა თხუნელა ცხოვრობდა. თხუნელა თაგვს სტუმრად ეწვია. ნამცეცამ მას ორი სიმღერა უმღერა. თხუნელას გოგონა მაშინვე შეუყვარდა და გადაწყვიტა ცოლად შეერთო.

ერთხელ თხუნელამაც დაპატიჟა მეზობლები. მინდვრის თაგვი და ნამცეცა თხუნელასთან მიწისქვეშა გზებით წავიდნენ. გზაში სიცივისაგან გათოშილი მომაკვდავი მერცხალი დაინახეს. ნამცეცას შეებრალა იგი, გამხმარი ბალახებისაგან საბანი დაწნა და მერცხალს გადააფარა.

ღამით ნამცეცას გამოეღვიძა, მერცხალი ჩუმად მოინახულა და გულში ჩაიკრა. მერცხლის გულის ძგერამ შეაშინა და გაქცევა დააპირა. უცებ ხმა შემოესმა:

- მე შენ გადამარჩინე, მალე ფრენასაც შევძლებ, - უთხრა მერცხალმა.

ნამცეცა მთელი ზამთარი უვლიდა მერცხალს. ამის შესახებ თაგვმა და თხუნელამ არაფერი იცოდნენ. მათ ხომ ფრინველები საშინლად ეჯავრებოდათ!

როგორც კი გაზაფხულდა, მერცხალმა მადლობა გადაუხადა ნამცეცას და გაუჩინარდა. გოგონა კი მინდვრის თაგვის სოროში დარჩა, ბებერ თაგვს მარტო ხომ ვერ მიატოვებდა?

ერთ დღეს თხუნელამ ნამცეცას ცოლობა სთხოვა. მინდვრის თაგვმა ნამცეცას დაავალა, თვითონვე მოემზადებინა მზითევი. გოგონა დილიდან საღამომდე ძაფს ართავდა, ობობები კი, რომლებიც თაგვმა დაიქირავა, ათასგვარ ქსოვილებს ქსოვდნენ.

ქორწილი კი ახლოვდებოდა. ნამცეცა მოწყენილი იყო, ტიროდა, რადგან არ უნდოდა ცოლად ბებერსა და ბრმა თხუნელას გაჰყოლოდა.

ქორწილის დღეც დადგა. გოგონა სამუდამოდ უნდა დასახლებულიყო მიწისქვეშეთში. იგი ვეღარასოდეს იხილავდა მზეს. და აი, მზესთან გამოსათხოვებლად გამოვიდა. გოგონამ ხელები მზისკენ აღაპყრო:

- მშვიდობით, საყვარელო მზეო! თუკი სადმე თვალს მოჰკრავ მერცხალს, მოკითხვა გადაეცი!

უცებ მერცხალმა დაიჭიკჭიკა:

- სადაცაა აცივდება, მე უკვე თბილი ქვეყნებისაკენ უნდა გავფრინდე. ზურგზე შემასკუპდი და ერთად გავსწიოთ იქ, სადაც მზე უფრო კაშკაშებს, სადაც ყოველთვის გაზაფხულია და სადაც საოცარი ყვავილები ჰყვავის.

ნამცეცა მერცხლის ზურგზე მოკალათდა, ყველაზე გრძელ ფრთაზე ქამრით დაიმაგრა თავი და მერცხალიც გაფრინდა.

და აი, გამოჩნდა თბილი ქვეყანა.

მერცხალმა დაინახა თავისი სახლი და დაბლა დაეშვა. იგი ყველაზე ლამაზ ყვავილთან მიფრინდა და ნამცეცა ყვავილის გვირგვინზე დასვა.

ყვავილის შუაგულში გოგონამ ელფი დაინახა. ელფს ზურგზე მსუბუქი ფრთები ჰქონდა, თავზე კი ოქროს გვირგვინი უბრწყინავდა. იგი ელფების მეფე აღმოჩნდა. ელფების მეფე ნამცეცას ხილვამ ძალიან გაახარა. მეფესა და ნამცეცას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ.

ელფმა ნამცეცას ცოლობა სთხოვა. გოგონა დაეთანხმა. უცებ ყვავილებიდან პატარა ელფები გამოფრინდნენ და ნამცეცას საჩუქრები მიართვეს. ყველაზე საუკეთესო საჩუქარი სიფრიფანა ფრთები იყო. ფრთებით ნამცეცას თავისუფლად შეეძლო ყვავილიდან ყვავილზე გადაფრენა.

ნამცეცა ელფების დედოფალი გახდა. დიდი და ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ იგი ნამდვილ ბედნიერებას ეზიარა.

 

            

ორი ყოყლოჩინა მამალი

 

იყო და არა იყო რა, იყო ორი ყოყლოჩინა მამალი. ერთ მათგანს ნაკელის გროვაზე უყვარდა წამოჭიმვა, ხოლო მეორე ლითონისა გახლდათ და ზამთარ-ზაფხულ სახურავზე იყო გამოჯგიმული. შენ როგორ ფიქრობ, რომელია მათ შორის უკეთესი? შენ შენი თქვი, ჩვენ კი…  ჩვენს აზრზე დავრჩებით.

ფრინველების ეზოს მეზობელი ეზოსაგან ხის ღობე ჰყოფდა. იმ ეზოში ნაკელის გორაზე ერთი დიდი კიტრი იზრდებოდა, რომელმაც იცოდა, რომ ის სათბურის მცენარე იყო.

,,თუ დაიბადები, სათბურის კიტრად უნდა დაიბადო! ამბობდა გულში, - მაგრამ ამქვეყნად ყველა კიტრად ხომ ვერ მოვა, სხვა ჯიშებიც ხომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ. ქათმები, იხვები და ეზოს სხვა ბინადარნიც ხომ ცოცხალი არსებები არიან. აი, ზის ღობეზე ეზოს მამალი, რომელიც სახურავზე წამოსკუპულ ქარმზომის მამალზე ბევრად უკეთესია! მართალია ის უფრო მაღლა ზის, მაგრამ ფრთების განძრევაც კი არ შეუძლია, სიმღერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! არც ქათმები ჰყავს, არც წიწილები და მარტო საკუთარ თავზე ზრუნავს!

არა, ნამდვილი მამალი, მხოლოდ ეზოს მამალია! როგორ დადის! თითქოს ცეკვავს! ანდა როგორ მღერის, ჭეშმარიტი  მუსიკა! მოუსმენ მას და ხელად გაიგებ, რას ნიშნავს ნამდვილი მებუკე! ნეტა მოვიდოდეს აქ და ღეროიან -ფოთლებიანად გადამლაპავდეს, აი, ეს იქნებოდა ნეტარებით სიკვდილი.”

სახურავის მამალი, როგორც იტყვიან ცხოვრებაზე გულაცრუებული მამალი გახლდათ და,რა თქმა უნდა, ძალზე დააინტერესებდა კიტრს, მის შესახებ რაიმე რომ სცოდნოდა, მაგრამ მას მხოლოდ ეზოს მამალი აინტერესებდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ქათმებთან და წიწილებთან ერთად ისიც კიტრს ესტუმრა.

- აბა რას იტყვით ჩემს ყივილზე? უხეშად იკითხა გაფხორილმა ეზოს მამალმა და თიქოს კავალერისტი ყოფილიყოს, რწევა-რწევით დაიძრა ნაკელის გროვისაკენ. ბაღის მცენარეა! სთქვა მან კიტრზე. კიტრიც უცბად მიხვდა, თუ რა ყოვლად განათლებული ყოფილა მამალი და არც კი შეუმჩნევია, როგორ ჩაკენკეს იგი.

- ,,აი, ნეტარებით სიკვდილიც!” გაიფიქრა კიტრმა.

            ქათმებმა და წიწილებმაც მოირბინეს. ქათმები ხომ მუდამ ასე იქცევიან: სადაც ერთია, იქაა მეორეც. კაკანებდნენ, წივწივებდნენ, შეჰხაროდნენ მამალს და ამაყობდნენ, რომ ისიც მათი ჯიშისა იყო.

- ყიყ-ლი-ყო! დაიყივლა მამალმა, - წიწილები ხელათ დაიზრდებიან, როგორც კი მთელი დუნიის საქათმეს ვუბრძანებ.

            ქათმები და წიწილები კვლავ აკრიახდნენ, ხოლო მამალმა კი მათ უდიდესი ახალი ამბავი ამცნო: - მამალს შეუძლია კვერცხი დადოს! და იცით რა იქნება შიგნით? ნატვრისთვალი! ვერავინ შესძლებს მას თვალი გაუსწოროს! ადამიანებმა ეს უკვე დიდი ხანია იციან, ახლა კი თქვენც იცით, თუ რა ძევს ჩემში, იცით, რომ მამალთ სარდალი ვარ.

            ეზოს მამალმა ფრთა ფრთაზე შემოჰკრა, ბიბილო გაისწორა და კვლავ დაიყივლა. იმის შეგნებით, რომ მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მამალთ სარდალი იყო, ქათმებსა და წიწილებს სიხარულისაგან ტანში გააჟრჟოლათ. ისინი კი კაკანებდნენ და წივწივებდნენ, სახურავის მამალსაც ესმოდა, თუმცა იგი არც კი განძრეულა.

            სახურავის მამალი გადამფრენმა ფრინველებმაც მოინახულეს, ისინი უამბობდნენ უცხო ქვეყანაზე, ფრინველთა ქარავნებზე და მტაცებელ ფრინველთა თავდასხმების საშინელ ისტორიაზე. ეს თავდაპირველად ძალზე საინტერესო იყო, მაგრამ შემდგომში ერთიდაიგივეს მოსმენა სიკვდილივით მოსაწყენი გახდა და ბოლოსდაბოლოს ყველაფერი მობეზრდა:

- ეს ქვეყანა არაფრად არ ვარგა! - ფიქრობდა ის, ყველაფერი სისულელეა! ყველანი ისეთი აბეზარნი და უხამსნი არიან, ურთიერთობის გაბმა არავისთან არ ღირს.

            იმ ღამით ცუდი ამინდი იდგა. ქათმები, წიწილები და თვით მამალიც კი დაიმალნენ. ქარმა ღობე ღრჭიალით წააქცია. სახურავიდან თუნუქები ჩამოცვივდა , ქარმზომის მამალი კი თავის ადგილზე დარჩა, მას ქარმა ძვრაც ვერ უყო, მაგრამ აი ბრუნვა კი შეწყვიტა, უბრალოდ აღარ შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა იყო, ის ხომ ახლახან ჩამოასხეს. სახურავის მამალი ძალზე გონიერი და დარბაისელი გახლდათ. მას სართო არა ჰქონდა რა ბეღურებთან და მერცხლებთან, ისინი მას ეჯავრებოდა, როგორც ,,წრიპინა ვულგარული არარაობანი”. მტრედებს ბუმბული სადაფის ფერი აქვთ და ამით რაღაცით მას ჩამოჰგვანან კიდეც, მაგრამ ძალზე მსუქნები და სულელები არიან. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ამოივსონ ჩიჩახვი, ამიტომ მათთან ურთიერთობა მოსაწყენია.

- ,,ეს სისულელეა! ამბობდა ის თავისთვის, - ნამდვილი მამალი ვერასოდეს ვერ დადებს კვერცხს, მე კი ამის სურვილი არასდროს მქონია! ისე, რომ მოვინდომო, ნამდვილად შევძლებდი ქარის კვერცხის დადებას. მაგრამ ეს ქვეყანა ქარის კვერცხად არ ღირს! ყველაფერი სისულელეა! მე აქ ჯდომაც კი აღარ მეპიტნავება.”

            ამის გაფიქრებისთანავე სახურავის მამალი მოტყდა, ძირს ჩამოვარდა და დაიმსხვრა, მაგრამ ეზოს მამალი მაინც ვერ მოკლა, თუმცა როგორც ქათმები ამტკიცებდნენ, მას ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონდა.

            მორალი?

       ,,უმჯობესია მამალივით იმღერო, ვიდრე ცხოვრებაზე გული აგიცრუვდეს და დაიღუპო!”                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

  

პეპელა

            

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი თვალხატულა პეპელა, რომელმაც დაქორწინება გადაწყვიტა. რაღა თქმა უნდა, ცოლად საუკეთესო ყვავილის შერთვა სურდა.

ყურადღებით მიმოიხედა გარშემო. ყვავილები, როგორც გაუთხოვარ ქალიშვილებს შეშვენით, თავიანთ ღეროებზე წყნარად ისხდნენ, მაგრამ ისე ბევრნი იყვნენ, არჩევანის გაეთება არც ისე იოლი აღმოჩნდა.

პეპელამ ერთხანს არჩია, არჩია, ბოლოს მობეზრდა და მინდვრის გვირილასაკე გაფრინდა. ფრანგები მას  მარგარიტას ეძახიან და ირწმუნებიან, რომ ამ ყვავილს მისნობა შეუძლია, რაც წმინდა წყლის სიმართლე გახლავთ: “ვუყვარვარ ?არ ვუყვარვარ ?“ -ეკითხება მისანს ყველა თავის ენაზე და თან ყოველ შეკითხვაზე თითო ფურცელს აცლის. პეპელაც სწორედ ამ მიზნით ეწვია გვირილას, მაგრამ მოწყვეტის ნაცვლად ფოთლებს ჰკოცნიდა და თან მოწიწებით სთხოვდა:

 - დედილო მარგარიტა, მინდვრის გვირილავ, ვიცი მისანი ბრძანდებით! მითხარით, ვინ არის ჩემი საბედო. დამეხმარეთ, გეთაყვა, იქნებ მეც მეღირსოს ოჯახის შექმნა!

მაგრამ გვირილა ხმა არ გასცა, რადგან ძალიან განაწყენდა. აბა, როგორია, ქალიშვილი იყო და დედილო გიწოდონ?

პეპელამ კვლავ გაუმეორა თხოვნა და როდესაც პასუხი ვერც ამჯერად მიიღო, საბედოს საძებნად გაფრინდა.

ეს ამბავი ადრე გაზაფხულზე მოხდა. ირგვლივ ახლადამოსული ენძელები და ღიღილოები ჰყვაოდნენ.

- არა უშავთ რა, მაგრამ ძალზე ნორჩები არიან. - გაიფიქრა სასიძომ. პეპელას, როგორც ყველა ჭაბუკს, ასაკოვანი ქალიშვილები უფრო მოსწონდა.

ახლა სხვა ყვავილებს მიაშურა პეპელამ, მაგრამ გულის სწორი მაინც ვერ აარჩია, რადგან მისი აზრით ყოჩივარდები მომწარონი არიან, იები - სენტიმენტალურები, ტიტები - პრანჭიები, ნარგიზები - სადანი. ცაცხვის ყვავილებს ტანი ერთი ციდა აქვთ, ნათესავები კი უამრავი ჰყავთ, ვაშლის ყვავილები ვარდებს ჰგვანან, მაგრამ ძალზე უმწეონი არიან: დაუბერავს ქარი და თან წაიღებს, ღირს კი ასეთის ცოლად შერთვა?

დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნო მისთვის მოსაწონ ყვავილს. ეს იყო ნაზი, ნატიფი, თეთრ-ვარდისფრად შეფერილი ცერცვი. ასეთები არც სამზარეულოში შეირცხვენენ თავს, - გაიფიქრა პეპელამ და ის იყო ხელის თხოვნასაც აპირებდა, რომ იქვე გვერდით დამჭკნარ ყვავილს მოჰკრა თვალი.

-          ვინ არის ეს? - იკითხა პეპელამ.

-          ჩემი და გახლავთ, - უპასუხა ცერცვმა.

-          მაშ, თქვენც ასეთი გახდებით?

დამფრთხალი პეპელა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

      მესერს იქით ჩიტისვაშლას ყვავილების მთელი ჯგუფი იწონებდა თავს, მაგრამ ეს ყვითელსახიანი გოგონები მისი გემოვნებისანი არ იყვნენ. აბა, თუ ბიჭი ხარ, სცადე და გაიგე, როგორი გემოვნებისა გახლდათ პეპელა.

            გავიდა გაზაფხული, მას ზაფხულიც მიჰყვა, დადგა შემოდგომა, პეპელა კი ვერა და ვერ დაქორწინდა. გაჩნდნენ კოხტად მორთულ-მოკაზმული ახალი ყვავილები, მაგრამ მის სიბერეშეპარულ გულში გაზაფხულისდროინდელი სიჭაბუკისა და სიხალისის დაკარგვით გამოწვეულ დარდს დაესადგურებინა უკვე. იქნებ შემოდგომის ყვავილებთან ვცადო ბედი? - აუკიაფდა გულში იმედის ნაპერწკალი და თმახუჭუჭა პიტნისაკენ გაფრინდა.

- მას არა აქვს ლამაზი ყვავილები, სამაგიეროდ ის ხომ სულ ერთიანად კეთისურნელოვანია, - გაიფიქრა პეპელამ.

მიეახლა და დაუჩოქა კეთილსურნელოვანს.

- გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ! - დაიჩურჩულა თავდახრილმა და გულზე ხელდადებულმა.

მაგრამ პიტნას ფოთოლიც არ შეურხევია, მხოლოდ ეს უთხრა:

- ჩვენ ორივენი უკვე ხნიერები ვართ, დამეგობრება კიდევ შეგვიძლია, მაგრამ დაქორწინება?.. რა სისულელეა.

ასე დარჩა პეპელა უცოლოდ და უოჯახოდ.

მალე ცუდი დარები დაიწყო, თოვლჭყაპითა და გადაუღებელი წვიმებით. მთელი ძალით დაუბერა ცივმა ქარმა. ბებერი ტირიფები სიცივისაგან კანკალებდნენ. საწყალი პეპელა სასეირნოდ ვეღარ გამოდიოდა, რადგან საზაფხულო პალტოს გარდა სხვა სამოსი არ გააჩნდა.

ერთხელ მან როგორღაც მოახერხა ოთახში შეფრენა, სადაც ღუმელი ენთო და ზაფხულივით თბილოდა. აქ ცხოვრება ნამდვილად შეიძლებოდა, მაგრამ ლაღ ცხოვრებას მიჩვეული, ძალზე დადარდიანდა.

- მე მზის, თავისუფლების და თუნდაც პაწია ყვავილის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!- სთქვა მან, გაფრინდა და პირდაპირ ფანჯრის მინას დაეჯახა.

ოთახში მყოფმა ადამიანებმა შეამჩნიეს იგი და ძალზე მოეწონათ. მოიტანეს დიდი ქინძისთავი, ააცვეს მასზე და სხვა იშვიათობებთან ერთად პეპელაც ყუთში შეინახეს.

- ახლა მეც ყვავილივით ღეროზე ვზივარ! - სთქვა პეპელამ,- ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალზე სასიამოვნოა, მაგრამ რაღაცით ჩამოჰგავს დაქორწინებას: იქ ოჯახზე ხარ მაგრად მიჯაჭვული, აქ კი ქინძისთავზე.

- ვერაფერი ნუგეშია!- შეეპასუხნენ ოთახის ყვავილები.

,,ოთახის ყვავილებს ბევრი არაფერი დაეჯერებათ, - ისინი მეტისმეტად კარგად იცნობენ ადამიანებს”. - კვლავ ინუგეშა თავი პეპელამ და ამოიოხრა.

 

             
 

უფლისწული გედები

 

            ამქვეყნად ერთი ხელმწიფე ცხოვრობდა. მას თერთმეტი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა. გოგონას ელიზა ერქვა. ისინი დიდებულ სასახლეში უზრუნველად ცხოვრობდნენ.

მაგრამ მოხდა უბედურება. გარდაიცვალა დედოფალი. მეფე ხელმეორედ დაქორწინდა. ბოროტმა დედინაცვალმა, რომელიც ჯადოქარიც გახლდათ, გერები მაშინვე შეიძულა და გადაწყვიტა ისინი თავიდან მოეშორებინა. მან ელიზა აღსაზრდელად შორეულ სოფელში გაგზავნა.

თერთმეტი უფლისწული კი გედებად გადააქცია და უბრძანა:

-ახლა კი, თქვენ თვითონ იზრუნეთ საკუთარ თავზე! დღისით იფრინეთ, ღამით კი შეგიძლიათ ისევ ადამიანებად იქცეთ!

ძმები-გედები დაფრინავდნენ ცაზე, ელიზა კი სოფელში იზრდებოდა და მშვენდებოდა.

და აი, ელიზა გაიზარდა და ნამდვილ მზეთუნახავს დაემსგავსა.

როცა გოგონას თხუთმეტი წელი შეუსრულდა, სასახლეში მიიყვანეს.

დედინაცვალი ულამაზესი გერის ხილვამ კიდევ უფრო დიდი სიძულვით აღავსო. მან ელიზას სახე გაუმურა, მამას რომ ვერ ეცნო თავისი ასული და ბრძანა მისი სასახლიდან გაგდება. დანაღვლიანებულმა გოგონამ ძმების მოძებნა გადაწყვიტა.

დიდხანს იხეტიალა ტყესა და ღრეში. ბოლოს ნაკადულთან მივიდა, წყალი სწყუროდა, დაიხარა და თავისი გამურული სახე დაინახა. გოგონას შეეშინდა, ძმები ვეღარ  მიცობენო, სახე დაიბანა და კვლავ მზეთუნახავს  დაემსგავსა.

ელიზამ გზა განაგრძო. დიდხანს იარა და ბოლოს ზღვის სანაპიროს მიადგა. უცებ თვალი მოჰკრა მშვენიერ გედებს. გედები მისკენ მოფრინავდნენ. როცა მზე ჩაესვენა, ელიზამ თავისი უსაყვარლესი ძმები დაინახა.

გოგონა სიხარულით ცას ეწია. ძმები გადაეხვივნენ საყვარელ დაიკოს და უამბეს, თუ როგორ გადააქცია ისინი გედებად ავმა დედინაცვალმა და უბრძანა ზღვის გადაღმა ქვეყანაში ცხოვრება. დილით, მზის ამოსვლისთანავე, ძმები-გედები ისევ უნდა გაფრენილიყვნენ ორეულ ქვეყანაში.

ძმებს  აღარ  უნდოდათ   ელიზასთან  განშორება.

- საყვარელო დაიკო, შენც ჩვენთან ერთად წაგიყვანთ!- უთხრა დას უმცროსმა ძმამ.

გოგონა სიხარულით დასთანხმდა. ძმები ელიზასთან ერთად მთელი ღამე ქსოვდნენ დიდ ბადეს. დილით, როცა დაღლილ ელიზას ჯერ კიდევ ეძინა, ძმებმა იგი ფრთხილად ჩააწვინეს ბადეში, თვითონ ისევ გედებად გადაიქცნენ, აიტაცეს ბადე და გაფრინდნენ.

ისინი მთელი ღამე მიფრინავდნენ. როცა ელიზამ გაიღვიძა, ქვემოთ მხოლოდ ზღვა დაინახა. საღამოს გედების ადამიანებად გადაქცევის დროც დადგა.

უცებ ქვემოთ პაწაწინა კუნძული გამოჩნდა, გედები კუნძულზე დაეშვნენ. მთელი ღამე მძინვარებდა ქარიშხალი. ელიზა თავის ძმებთან ერთად იდგა ამ პაწაწინა კუნძულზე. მათ ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭიდათ, წყალში რომ არ ჩავარდნილიყვნენ.

დილას ქარიშხალი ჩადგა, ძმებმა განაგრძეს ფრენა და როგორც იქნა, მიფრინდნენ ულამაზეს და ჯადოსნურ ქვეყანაში. გოგონას თვალი მოსტაცა მარმარილოს გამოქვაბულმა, სადაც საოცრად ლამაზი ველური ვაზი ხარობდა.

ელიზა შევიდა გამოქვაბულში და მაშინვე ჩაეძინა. ის ძალიან დაღლილი იყო.

ძილში მას მშვენიერი ფერია გამოეცხადა. ფერიას ძილში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა. მან ელიზას ჩასჩურჩულა :

- შენ  შეძლებ ჯადოსაგან ძმების გათაისუფლებას, თუ ჭინჭრის პერანგებს მოუქსოვ და ჩააცმევ. გახსოვდეს: სანამ პერანგებს მოქსოვ, ერთი სიტყვაც არ უნდა წამოცდეს, თორემ ისინი დაიღუპებიან!

გამოქვაბულის ირგვლივ ჭინჭარი ხარობდა. დილას, როცა უფლისწული გედები შინიდან გაფრინდნენ, ელიზა თავის საქმეს შეუდგა. იგი დასუსხული ხელებით გლეჯდა ჭინჭარს, მისგან ძაფებს ართავდა და პერანგებს ქსოვდა. შინ დაბრუნებული ძმები დის უცნაური საქმიანობით დაინტერესდნენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. გოგონა ჯიუტად დუმდა, იმდენად დიდი იყო მისი სურვილი,ძმები ჯადოსაგან ეხსნა.

ძმები მიხვდნენ , რომ ელიზა მათ დახმარებას ცდილობდა.

მთელი ღამე მუშაობდა გოგონა. დილას როცა ძმები კვლავ გაფრინდნენ, გამოქვაბულს მეფის ამალა მიუახლოვდა.

ელიზა მეფეს დანახვისთანავე შეუყვარდა და უთხრა:

-          მშვენიერო ასულო, გამომყევი სასახლეში!

ელიზა მეფის სასახლეში მიიყვანეს. მეფემ მას ცოლობა სთხოვა. გოგონა დუმდა. მეფე ამაოდ ცდილობდა მასთან დალაპარაკებას, მაგრამ ელიზას ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინეს. მეფემ გოგონა ცოლად შეირთო. იგი ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ელიზა და ბრძანა. სასახლეში ჭინჭარი და ელიზას მოქსოვილი პერანგები მოეტანათ.

ელიზამ გაიხარა და მაშინვე მუშაობას მუშაობას შეუდგა. მან ექვსი პერანგი მოქსოვა თუ არა, ჭინჭარი გამოელია. ჭინჭრის მოსაკრეფად ღამით სასაფლაოზე გაიპარა. ელიზას ძალიან ეშინოდა, მაგრამ ძმების სიყვარული შიშზე ძლიერი აღმოჩნდა.

            ბოროტ ეპისკოპოსს ელიზას საქციელი უცნაურად მოეჩვენა. მან მეფეს უთხრა, რომ მისი ცოლი ჯადოქარი იყო და სასაფლაოზე დადიოდა. მეფემ არ დაუჯერა. მაშინ ეპისკოპოსმა მეფეს ურჩია, ელიზას მალულად თან გაჰყოლოდა. საღამოს ელიზას ჭინჭარი კვლავ გამოელია და ღამით სასაფლაოზე წავიდა.

            მეფემ ელიზა სასაფლაოზე რომ იხილა, გაბრაზებულმა ბრძანა, იგი დილეგში ჩაეგდოთ. ელიზა კვლავ ჯიუტად დუმდა და პერანგების ქსოვას განაგრძობდა.

            დილით, როცა ელიზა ციხეში გადაჰყავდათ, მის ოთხთვალასთან თერთმეტი თეთრი გედი მიფრინდა.

- შეხედეთ, გედები მიფრინდნენ მასთან! ის უდანაშაულოა! - ჩურჩულებდა გაოცებული ხალხი.

გოგონამ დაამთავრა თუ არა უკანასკნელი პერანგის მოქსოვა, ძმებს პერანგები სასწრაფოდ გადააცვა. და აი, მოხდა საოცრება! გედები უმალ მშვენიერ უფლისწულებად გადაიქცნენ.

ძმებმა მეფეს თავიანთი თავგადასავალი უამბეს.

მეფე ელიზასთან მიიჭრა და პატიება სთხოვა.

გაისმა ეკლესიის ზარების გუგუნი, ხალხი ხმამაღალი შეძახილებით მიესალმა თავის მშვენიერ დედოფალს.

უფლისწულები კი თავიანთ მამასთან გაეშურნენ. მეფემ დიდად გაიხარა და შეიტყო-რა სიმართლე, სასახლიდან გააძევა ჯადოქარი დედინაცვალი.                                                          

 

 

 

შიშველი მეფე

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მორთვა-ოკაზმვა და მისი განახლება. იგი მთელ თავის ფულს ამაში ხარჯავდა.

ჯარისკაცების წინაშე იგი მხოლოდ იმიტომ გამოდიოდა, თეატრში თუ ტყეში იმიტომ მიიჩქაროდა, რომ თავისი ახალი მორთულობით თავი მოეწონებინა. დღის ყველა დროსათვის მას განსაკუთრებული ტანსაცმელი ჰქონდა შერჩეული. და თუ საერთოდ მეფეებზე იტყვიან: მეფე საბჭოშია, მასზე ყოველთვის ამბობდნენ:მეფე საგარდერობოშია”.

ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა მეფე, დიდი და ხმაურიანი იყო. დღე არ გავიდოდა, ქალაქს უცხოელი სტუმრები რომ არ სწვეოდნენ და  აი როგორღაც ერთხელ მას ორი მატყუარა ესტუმრა. მათ  თავი წარადგინეს ფეიქრებად და განაცხადეს , რომ შეუძლიათ მოქსოვონ საუცხოო ქსოვილი, რომლის მსგავსსაც კაცი ვერც კი მოიფიქრებდა. შეფერილობითა და მოქარგულობით მომაჯადოებელს, თან საოცარი თვისება ექნებოდა - მისგან  შეკერილი სამოსელი უხილავი იქნებოდა ბრიყვთათვის და ასევე მათთვის, ვინც თავიანთ ადგილებზე არ სხედან.

მართლაც რა შესანიშნავი ტანსაცმელი იქნებოდა! - გაიფიქრა მეფემ - ჩავიცვამ და იმ წუთას გამოჩნდება, ვის არ უკავია თავისი ადგილი ჩემს სამეფოში. თანაც შემეძლება გავარჩიო ჭკვიანები ბრიყვებისაგან! დიახ, დაე სასწრაფოდ მომიქსოვონ ასეთი ქსოვილი!

და მან მატყუარებს ბევრი ფული მისცა, რათა მათ დაუყოვნებლივ დაეწყო მუშაობა.

მატყუარებმა ორი საფეიქრო დაზგა დადგეს და თავს იკატუნებდნენ, ვითომდა ვმუშაობთო, სინამდვილეში კი დაზგაზე გრამი ძაფიც არ ჰქონდათ. მათ მოურიდებლად მოითხოვეს წმინდა აბრეშუმი, ბაჯაღლო ოქრო, მიითვისეს ისინი და ”ქსოვაცარიელ დაზგებზე შუაღამემდე გააგრძელეს.

”კარგი იქნებოდა მენახა, როგორ მიდის საქმე!- გაიფიქრა მეფემ, მაგრამ შეყოყმანდა, როდესაც გაახსენდა,რომ ბრიყვი ან ის, ვინც უვარგისია თავისი  საქმისთვის, ვერ დაინახავდა ქსოვილს. თუმცა სწამდა, რომ თვითონ საშიში არაფერი ჰქონდა, მაინც გადაწყვიტა დასაზვერად გაეგზავნა ვინმე.

უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა ქსოვილის ჯადოსნური თვისება და ყველა სულმოუთქმელად ელოდა, ენახა, თუ რა უვარგისი ან ბრიყვი მეზობელი ჰყავდა.

”ჩემს პატიოსან, მოხუცებულ მინისტრს გავგზავნი ფეიქრებთან! - გადაწყვიტა მეფემ, - აბა სხვა ვინ შესძლებს, თუ არა ის, შეამოწმოს ქსოვილი, ის ხომ ჭკვიანია და თანაც ყველაზე უფრო შეეფერება მის ადგილს!..”

და აი მხნე, მოხუცებული მინისტრი შევიდა დარბაზში, სადაც ორი მატყუარა მუშაობდა ცარიელ დაზგებზე.

”ღმერთო, შემიწყალე! - გაიფიქრა მოხუცმა მინისტრმა და თვალები გადმოკარკლა, - მე ხომ ვერანაირ ქსოვილს ვერ ვხედავ!”

მაგრამ მას ამაზე კრინტიც არ დაუძრავს.

მატყუარები კი მას უფრო ახლოს მისვლას სთავაზობდნენ, ხალისიანია თუ არა ფერები, როგორ მოსწონს ქარგა და თან ყველაფერ ამასთან ერთად ცარიელ დაზგებზე უთითებდნენ, საცოდავი მინისტრი მაგრად აჭყეტდა თვალებს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდა, რადგან დასანახიც არა იყო რა.

”ღმერთო ჩემო! - ფიქრობდა იგი - ნუთუ ასეთი ბრიყვი ვარ? ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას! მაგრამ აბა რა ვქნა, ქსოვილს რომ ვერ ვხედავ!”

- რატომ აღარაფერს იტყვით? - შეეკითხა ერთი ფეიქართაგანი.

- ოჰ, ძალიან მომხიბვლელია! ფრიად თვალწარმტაცი! - თქვა მოხუცმა მინისტრმა, თან გულმოდგინედ აკვირდებოდა სათვალეებიდან - რა ქარგაა, რა ფერები... დიახ, დიახ, მე მოვახსენებ მეფეს, რომ ძალიან მომწონს!

- ძალიან კარგი, ჩვენ მოხარულები ვართ!.. - თქვეს მატყუარებმა და მოჰყვნენ ფერების დასახელებას, უიშვიათესი ქარგის განმარტებას. მოხუცი მინისტრი ყურადღებით უსმენდა და იმახსოვრებდა, რათა ყოველივე ზუსტად მოეხსენებინა მეფისათვის.

იგი ასეც მოიქცა.

მატყუარებმა კი დამატებით კიდევ მოითხოვეს ფული, აბრეშუმი და ოქრო: თითქოს ეს ქსოვილისათვის ყოფილიყო საჭირო, მაგრამ ყველაფერი ისევ მიითვისეს, ქსოვილზე ერთი გრამი ძაფიც არ დაუხარჯავთ, თვითონ კი კვლავ გააგრძელეს ”ქსოვა” ცარიელ დაზგაზე.

მეფემ მალე სხვა პატიოსანი მოხელეც გააგზავნა გასაგებად, თუ როგორ მიდიოდა საქმეები და რამდენ ხანში დაამზადებდნენ ქსოვილს.ამ მოხელესაც ზუსტად იგივე დაემართა, რაც მინისტრს, მანაც დიდხანს უყურა, უყურა, მაგრამ ვერა დაინახა რა, რადგან ცარიელი დაზგების გარდა იქ სხვა არაფერი იყო.

- აბა რას იტყვით, მოგწონთ ქსოვილი? - ეკითხებიან მატყუარები და თან არარსებულ დიდებულ ქარგას უხსნიან.

”მე ხომ ბრიყვი არა ვარ! - გაიფიქრა მოხელემ - მაშასადამე, გამოდის, შესაფერისი არა ვარ იმ მშვენიერი ადგილისათვის, რომელიც მიკავია სამეფო კარზე? საკვირველია! ყოველ შემთხვევაში, არ უნდა შევიმჩნიო და იგი შეუდგა მისთვის უხილავი ქსოვილის ქებას, აღფრთოვანება გამოთქვა ფერებისა და ქარგის გამო.”

- ოჰ, ძალზე მომხიბვლელი ქსოვილია! - მოახსენა მან მეფეს.

ამის შემდეგ მთელი ქალაქი ალაპარაკდა, თუ რა შესანიშნავი ქსოვილი მოქსოვეს ფეიქრებმა.

ახლა კი მეფემაც ისურვა ქსოვილის ნახვა, სანამ ”ნაწარმს” დაზგიდან ჩამოხსნიდნენ.

სამეფო კარის რჩეულთა უზარმაზარი ამალის თანხლებით, რომელთა შორის აქ ნამყოფი ორი მოხუცი, პატიოსანი მოხელეც ერია, ხელმწიფე მოხერხებულ მატყუარებს ეწვია, რომლებიც მთელი ძალით მუშაობდნენ, თუმცა დაზგებზე ძაფის ნასახიც არ იყო.

- განა დიდებული არ არის? - ერთხმად წამოიძახა უკვე აქ ნამყოფმა ორივე მოხელემ - ნახეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა ქარგაა, რა ფერები! - და ცარიელ დაზგებზე მიუთითეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვები, ალბათ, აუცილებლად ხედავენ ქსოვილსო.

”რა ხდება? - გაიფიქრა მეფემ - მე ვერაფერს ვერ ვხედავ! რა უბედურებაა! ნუთუ ბრიყვი ვარ? ან იქნებ სამეფო ტახტისათვის არ ვვარგივარ? უარესს ვერც კი მოიფიქრებდა კაცი!”

- ოჰ, ძალიან ლამაზია! - თქვა მეფემ - ვაცხადებ ჩემს უზენაეს მოწონებას.

ის კმაყოფილებით აქნევდა თავს და თვალიერებდა ცარიელ დაზგებს, არ უნდოდა ეგრძნობინებინა, რომ ვერაფერს ხედავდა. მისმა თანმხლებმა ამალამაც  უყურა, უყურა და თუმცა სხვებზე მეტი ვერაფერი დაინახა, მეფეს მაინც კვერს უკრავდა: ”ოჰ, რა შესანიშნავია” - და თან ურჩევდნენ მას ამ შესანიშნავი ნაჭრისაგან შეეკერა სამოსი მოახლოებული საზეიმო მსვლელობისათვის. ”ეს ბრწყინვალეა! შესანიშნავია!” - ისმოდა ყოველი მხრიდან, ყველა აღფრთოვანებულიყო. მეფემ მატყუარებს კარის ფეიქრის წოდება და რაინდის ჯვრიანი სამკერდე ნიშანი უბოძა.

ზეიმის წინა დღეს, მთელი ღამე კერავდნენ მატყუარები და თექვსმეტზე მეტი სანთელი დახარჯეს. ყველანი ხედავდნენ, თუ როგორ ჩქარობდნენ ისინი, დათქმულ ვადაში მოესწროთ მეფისათვის სამოსელი. ისე მოხერხებულად დასტრიალებდნენ თავს სამუშაოს, რომ სრული შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დაზგებიდან ნაჭერს ხსნიან, დიდი მაკრატლით ჭრიან და ნემსით კერავენო. ბოლოს თქვეს: - ესეც ასე, მორთულობა მზადაა!

სამეფო კარზე ყველაზე დაახლოებულ დიდგვაროვანთა თანხლებით მეფე მატყუარებს ეწვია, მათ კი ხელები მაღლა აეწიათ, თითქოს რაიმე სჭეროდათ და ამბობდნენ:

- აი შარვალი! აი პერანგი! აი, მანტია! - და ასე შემდეგ,- ყველაფერი ბუმბულივით მსუბუქია! - კაცმა შეიძლება იფიქროს, არაფერი მაცვიაო, მაგრამ ამ სამოსის მთელი ეშმაკობაც ხომ ამაშია!

- დიახ, დიახ, - ამბობდნენ დიდგვაროვნები, თუმცა ისინი ვერაფერს ხედავდნენ, რადგან დასანახიც ხომ არაფერი იყო.

- ახლა კი თქვენო სამეფო აღმატებულებავ, ტანთ გახდა ინებეთ! - უთხრეს მატყუარებმა. - ჩვენ ჩაგაცმევთ ამ ახალ ჯადოსნურ სამოსელს დიდი სარკის წინ.

მეფემ გაიხადა, მატყუარებმა კი შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ერთიმეორის მიყოლებით აცმევდნენ მას ტანსაცმლის სხვადასხვა ნაწილებს. შემდეგ გარს შემოეხვივნენ, თითქოს წელზე რაღაცას ამაგრებდნენ - ეს იყო გრძელკუდიანი ფესვედი და მეფეც დატრიალდა, დაბზრიალდა სარკის წინ.

- ოჰ, როგორ უხდება! რა ზუსტად მოერგო! - ერთხმად იძახდა დიდგვაროვანთა ამალა. - რა ქარგაა, რა ფერები! საუცხოო კაბაა!

            - საჩრდილობელი გელოდებათ, თქვენო ბრწყინვალებავ! - მოახსენა მეფეს საზეიმო ცერემონიის ხელმძღვანელმა. - საზეიმო მსვლელობი დროს იგი თავს ზემოთ გექნებათ.

            - მე მზად ვარ! - თქვა მეფემ და კიდევ ერთხელ შეტრიალდა სარკის წინ. ხომ უნდა ეჩვენებინა ხალხისათვის, ყურადღებით ვათვალიერებ მორთულობასო.

            პირისფარეშებმა, რომლებსაც უნდა ეტარებინათ მეფის გრძელკუდიანი ფესვედი, ხელები მოაფათურეს იატაკზე და თავი მოაჩვენეს, თითქოს აიღეს იგი, შემდეგ კი წინ გამოწვდილი ხელებით უკან დაედევნენ მას.

            ასე ჩაუდგა მდიდრული საჩრდილობლის ქვეშ მყოფი მეფე სათავეში პროცესიას. ყველანი ქუჩიდან თუ ფანჯრიდან გაიძახოდნენ:

- ოჰ, რა დიდებულია მეფის ახალი სამოსელი! რა ლამაზი ფესვედია! როგორ უხდება მანტია!

არავის სურდა ეღიარებინა, რომ ვერაფერს ხედავდა, ეს ხომ იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ იგი ან ბრიყვია ან თავისი ადგილისათვის შეუფერებელი. მეფის არც ერთ სამოსელს არ გამოუწვევია ასეთი აღფრთოვანება ხალხში.

- კი მაგრამ ის ხომ ტიტველია! - თქვა მოულოდნელად ერთ-ერთმა ბავშვმა.

- ღმერთო ჩემო, გესმით, რას ამბობს უცოდველი ბალღი! - თქვა მამამისმა. ხალხმა დაუყოვნებლივ ჩურჩულით დაიწყო ბავშვის ნათქვამის ერთმანეთში გავრცელება.

- ის ტიტველია! აი ბავშვმა თქვა, რომ ის ტიტველია!

- კი მაგრამ, ის ხომ ტიტველია! - იხუვლა ბოლოსდაბოლოს ხალხმა.

მეფემ უხერხულად იგრძნო თავი: ეჩვენებოდა, რომ ხალხი მართალი იყო, მაგრამ თავისთვის ფიქრობდა: ’პროცესია ხომ უნდა მივიყვანო ბოლომდე.”

და გაჯგიმულმა, შიშველმა მეფემ, უფრო მედიდური იერით განაგრძო მსვლელობა, პირისფარეშები კი უკან მისდევდნენ არარსებული ფესვედით ხელში.

 

           

 

წითელი ფეხსაცმელები

  

             ოდესღაც ერთი ლამაზი, მაგრამ ძალიან ღარიბი, ობოლი გოგონა ცხოვრობდა. მას სახელად კარენი ერქვა. გოგონა ზაფხულში ფეხშიშველი დადიოდა,ზამთარში კი ხისგან გამოჩორკნილი, მძიმე ფეხსაცმელები ეცვა, რომელიც ფეხებს საშინლად სტკენდა. იმ სოფელში ერთი მეწაღეც ცხოვრობდა, მას გოგონა იმდენად შეეცოდა, რომ ტყავის ძველი ნაკუწებისაგან მსუბუქი, მოხდენილი ფეხსაცმელები შეუკე.

იმ დღეს, როცა კარენი ფეხსაცმელებს ფეხზე ირგებდა, მეზობელ ქალაქში მცხოვრებმა მდიდარმა, მარტოხელა ქალბატონმა სოფელში ეტლით ჩაიარა. მან ეტლი სწორედ კარენის სახლის წინ შეაჩერა და იქვე, ეზოში მდგარ გოგონას მიმართა.

            - გოგონ, ძალიან დავიღალე და დამცხა, იქნებ წყალი დამალევინო.

- მიირთვით, ქალბატონო, - მაშინვე მიურბენინა კარენმა მას წყალი.

            ქალბატონმა წყალი დალია და კარენს მიმართა:

            - გოგონი, სახელად რა გქვია და ვისთან ერთად ცხოვრობ?

            -სახელად კარენი მქვია, ობოლი ვარ და მარტო ვცხოვრობ, - მიუგო კარენმა.

მოხუცმა ქალბატონმა თვალი მოავლო კარენის ღარიბულ სახლს, ეზოს და უთხრა:

-კარენ, იქნებ წამოხვიდე და ჩემთან ერთად ქალაქში იცხოვრ, მე მარტოხელა ვარ და ვეცდები, არაფერი მოგაკლო.

გულით გაიხარა გოგონამ, მცირეოდენი ბარგი უმალვე გუდაში გამოკრა და ქალბატონს  გაჰყვა.

მოხუცი ქალბატონი ძალიან მდიდარი იყო, მან კარენს ლამაზად მორთული ოთახი დაუთმო, მოსამსახურეები მიუჩინა და       უამრავი ახალი ტანსაცმელი უყიდა.

კარენი სიამოვნებით იცვლიდა ჩასაცმელს,მხოლოდ ნაკუწებისგან შეკერილ ფეხსაცმელებს ვერა და ვერ ელოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბედნიერება ამ ფეხსაცმელებმა მოუტანა - მოხუცმა ქალბატონმა კარენი ხომ იმ დღეს წაიყვანა ქალაქში, როცა გოგონამ ეს ფეხსაცმელები პირველად მოირგო.

კარენმა მალე ყველას შეაყვარა თავი.ის ძალიან კეთილი, მზრუნველი გოგონა აღმოჩნდა, დიდი მონდომებით სწავლობდა კერვასა და ქსოვას და მოხუც ქალბატონს ყველაფერში ეხმარებოდა.

ერთ დღესაც, როცა კარენი და მოხუცი ქალბატონი ქალაქში სასეირნოდ იყვნენ წასულები, მეწაღის სახელოსნოში შეიარეს:

-იქნებ რაიმე ახალი ფეხსაცმელი შეარჩიო და ამ ძველმანს შეელიო, - სთხოვა მოხუცმა კარენს.

გოგონას არ სურდა თავის საყვარელ ფეხსაცმელებთან განშორება, მაგრამ კეთილ მოხუცს უარი ვეღარ შეჰბედა და თაროზე დაწყობილი ფეხსაცმელების თვალიერებას მოჰყვა.

უცებ  გოგონამ  თაროზე ბრჭყვიალა, წითელი ფეხსაცმელები შენიშნა. მათმა სილამაზემ კარენი ისე მოხიბლა, რომ ძველი ფეხსაცმელები სასწრაფოდ გაიხადა და ფეხზე წითელი,კოხტა ფეხსაცმელები მოირგო.

თავიდან ისინი კარენს დიდი მოეჩვენა, მაგრამ  როგორც კი ჩაიცვა, ფეხსაცმელი მის ფეხს ისე ზუსტად მოერგო, თითქოს საგანგებოდ მისთვის შეეკერათ.

მოხუც ქალბატონს ძალიან გაუხარდა, რომ კარენმა, როგორც იქნა, მოიშორა ძველი ფეხსაცმელები და ის-ის იყო, სახელოსნოდან უნდა გასულიყვნენ, რომ ისინი მეწაღემ შეაჩერა  და უთხრა:

-უნდა გაგაფრთხილო, გოგონა, ეს ფეხსაცმელები ჯადოსნურია, მე ის ერთ ფერიას შევუკერე, რომელსაც ცეკვა ძალიან უყვარდა. შემდეგ ფერიამ ყვავილებისაგან შეკერილი ფეხსაცმელები მოირგო, მე კი მითხრა, რომ თუ ვინეს ესენი მოეწონებოდა და შეიძენდა, გამეფრთხილებინა, რომ ეს წითელი ფეხსაცმელები საცეკვაოდაა შეკერილი და შეიძლება მის მფლობელს ცეკვა ამქვეყნად ყველაფერზე მეტად შეუყვარდესო.

გოგონას ყურადღება არ მიუქცევია მეწაღის სიტყვებისათვის, ის გახარებული ქუჩაში მიხტოდა, ფეხებზე იყურებოდა და წითელი ფეხსაცმელების სილამაზით ტკბებოდა.

            რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გოგონა სახლში საქმიანობდა, შორიდან საცეკვაო მუსიკის ხმა შემოესმა. უცებ იგრძნო, რომ ფეხები აღარ ემორჩილებოდა, ისინი თვითონ ცეკვავდნენ. გაოცებული გოგონა უნებურად ქუჩაში გავიდა, მას ფეხები მუსიკის ხმისკენ მიაქანებდა.

ქალაქის მოედანზე ახალგაზრდებს ცეკვა-თამაში გაეჩაღებინათ და კარენი სწორედ მათ შეუერთდა. გოგონა გაოცებას ვერ ფარავდა – მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ფეხები თავისით ცეკვავდნენ.

კარენმა ფეხსაცმელების გახდაც სცადა, მაგრამ ის ისე მჭიდროდ შემოტმასნოდა ფეხზე, რომ ვერაფრით მოიცილა. ფეხსაცმელებმა კარენი გათენებამდე აცეკვეს, გოგონა ძლივსღა მილასლასდა შინ და ძალაგამოლეული ლოგინზე დაეშვა... იმ დღის შემდეგ, კარენი როგორც კი ხმას გაიგონებდა, წითელფეხსაცმელებიანი ფეხები თავისით მირბოდნენ საცეკვაოდ და გათენებამდე აღარ ჩერდებოდნენ.

კარენი ძალიან განიცდიდა იმას, რომ მოხუც ქალბატონს ვეღარ ეხმარებოდა  და მთელ დღეებს ცეკვაში ატარებდა, არადა, წითელ ფეხსაცმელებსაც ვერ ელეოდა, ცეკვა ხომ მათ შეაყვარეს.

ერთ დღესაც კარენმა ვეღარ მოითმინა, ისევ თავისი ძველი. ნაკუწებისაგან შეკერილი ფეხსაცმელები მოძებნა,  ჩაიცვა, წითელი ფეხსაცმელებიკი წაიღო და კვლავ მეწაღის სახელოსნოს მიაშურა.

სახელოსნოში უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო. კარენმა ფრთხილად შეაღო კარი, ირგვლივვ მიმოიხედა, მაგრამ მეწაღე  არსად ჩანდა. კარენი თაროსთან მივიდა და გულდაწყვეტილმა წითელი ფეხსაცმელები ისევ თაროზე შემოაწყო. ის-ის იყო, უკან გამობრუნებას აპირებდა, რომ ნაზი შრიალის ხმა შემოესმა, უკან მიიხედა და ულამაზესი ფერია შენიშნა:

- შენ ნამდვილად კარგი გოგონა ხარ, კარენ, გულკეთილი და მზრუნველი, რადგან ცეკვასა და გართობას მოხუცი ქალბატონის დახმარება არჩიე. ალბათ, გული გწყდება წითელ ფეხსაცმელებზე, არა?!

- დიახ, მე ისინი ძალიან მომწონს, - ამოიოხრა კარენმა.

            - ეს ფეხსაცმელები შენია, შენ ისინი ნამდვილად დაიმსახურე, მე მათ ჯადოსნურ ძალას მოვაშორებ და მხოლოდ მაშინ იცეკვებ, როცა მოგესურვება, - უთხრა ფერიამ.

- დიდი მადლობა, - სიხარულით თვალები გაუბრწყინდა კარენს, ფეხსაცმელები გულში ჩაიკრა და გახარებული შინ დაბრუნდა.

            იმ დღიდან კარენის ფეხსაცმელებს თვითნებურად ცეკვა აღარასოდეს მონდომებია...

 

 

 

ჭორიკანა ქათმები

 
 

- საშინელი ამბავი მოხდა! - თქვა ქათამმა, რომელიც იქ კი არ ცხოვრობდა სადაც ეს ისტორია დატრიალდა, არამედ ქალაქის სრულიად საწინააღმდეგო მხარეს, - საშინელი ამბავი მოხდა! ამის შემდეგ მარტო ღამის გათევაც კი არ შემიძლია! კიდევ კარგი ყველანი ერთად ვართ!

სიჩუმეში მან დაიწყო ამბის მოყოლა, თანაც ისე, ქათმებს ბუმბული ყალყზე დაუდგათ, ხოლო მამალს ბიბილო ერთიანად მოეკრუნჩხა, თქვენ გგონიათ ვაჭარბებ? სრულებითაც არა! ყოველივე ეს სრული სიმართლე გახლავთ!

მაგრამ მოდით ამ ამბის მოყოლა თავიდან დავიწყოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველივე ეს ქალაქის იქითა მხარეს მდებარე საქათმეში მოხდა.

მზე ჩადიოდა, ქათმები ქანდარაზე შემომსხდარიყვნენ. ერთმა თეთრმა მოკლეფეხება დედალმა, რომელიც კეთილსინდისიერად დებდა მის წილ კვერცხებს, მოხერხებულად მოიკალათა და ძილის წინ ბუმბულის გასუფთავება დაიწყო. კოხტაობაში გართულს ერთი პაწია ბუმბული ფრთიდან გამოსძვრა და ფარფატით დაეშვა მიწაზე. უჰ, გამიფრინდა! თქვა დედალმა. მაგრამ არა უშავს რა, რაც მეტს ვიკოხტავებ, უფრო გავლამაზდები!

ეს ისე, ხუმრობით თქვა. საერთოდ კი მხიარული ხასიათის იყო. თუმცა ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს, ფრიად დაფასებული დედალი ყოფილიყო. ეს იყო და ეს, შემდეგ დედალმა დაიძინა.

საქათმეში ბნელოდა. ქათმები გვერდი-გვერდ ისხდნენ. ჩვენი დედლის მეზობელი ქათამი ჯერ კიდევ ფხიზლობდა და მის ნათქვამს შემთხვევით მოჰკრა ყური. რას იზამ, თუ გსურს, მეზობელთან მშვიდობიანად იცხოვრო, ყურები დაცქვეტილი უნდა გქონდეს! ქათამმა ვერ მოითმინა და თავის მეორე მეზობელს წასჩურჩულა:

- გაიგონე! ვინაობას არ გავამხელ, მაგრამ ჩვენს შორის არის დედალი, რომელიც მზადაა სილამაზისათვის სულ ერთიანად დაიპუტოს ბუმბული! მე რომ მამალი ვიყო, ასეთ დედალს შევიძულებდი!

საქათმის ზემოთ, ბუდეში ქმართან და პატარა შვილებთან ერთად ბუ იჯდა. ბუებს მახვილი სმენა აქვთ და ქათმის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვიათ, თანაც განუწყვეტლივ ატრიალებდნენ თვალებს, ხოლო დედა ბუ კი ფრთებს მარაოსავით იქნევდა.

- სსუ! ბარტყებო, ნუ უსმენთ! თუმცა თქვენ ალბათ ყველაფერი მოისმინეთ? ეჰ, ამის გამგონეს რატომ ყურები არ გამიხმება! თურმე ერთი დედალი იქამდე მივიდა, მამლის თვალწინ დაიპუტა ბუმბული.

- ჩუმად, აქ ხომ ბარტყებია! -  ფრანგულად გადაულაპარაკა მამა ბუმ, - პატარებთან ასეთ რამეს არ ლაპარაკობენ. - ეს უკვე მან მშობლიურ ენაზე დაამატა, - მე მგონი ეს შემთხვევა აუცილებლად უნდა მოვუყვეთ ჩვენს მეზობელ ბუს, ის ხომ ისეთი თავაზიანია!

მეორე დღეს დედა ბუ მეზობელთან გადაფრინდა, რომელსაც ბუდე სახლის სახურავზე ჰქონდა გაკეთებული.

-ოჰ! ოჰ! ოჰ! - ავიშვიშდნენ ბუები, - გაიგეთ? ერთ დედალს მამლის გულისათვის სულ ერთიანად დაუპუტია ბუმბული, რა ეშველება საწყალს, სიცივით სულ გაიყინება! ოჰ! ოჰ! ოჰ!

- ღუ! ღუ! ღუ! სად! სად! სად! - აღუღუნდნენ მტრედები.

- მეზობელ საქათმეში! ეს თითქმის ჩემ თვალწინ მოხდა! მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს სრული ჭეშმარიტებაა.

- გვჯერა! გვჯერა! - უპასუხეს მტრედებმა და ქვემოთ მჯდარ ქათმებს ჩასძახეს: - ღუ! ღუ! ერთმა დედალმა, ზოგ-ზოგების თქმით კი ორმა, მამლისათვის თავი რომ მოეწონებინათ, ბუმბული სულ მთლიანად შემოიპუტეს! ეს ხომ ძალზე სახიფათოა! ასე შეიძლება გაცივდე და მოკვდე, თუმცა ისინი უკვე დაიხოცნენ კიდევაც!

- ყიყლიყოო! - აყვირდა მამალი და ღობეზე შეფრინდა,- გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! - თვალები ძილისაგან ეხუჭებოდა, მაგრამ მაინც ყიოდა: - მამლის გულისათვის სამმა დედალმა თავი მოიკლა! სამივემ ბუმბული ერთიანად შემოიპუტა! აი, ასეთი საშინელება დატრიალდა! არ მსურს ამის შესახებ გავჩუმდე! დაე, ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგოს!

- დაე გაიგოს! დაე გაიგოს! - აწრიპინდნენ ღამურები, აკაკანდნენ ქათმები, აყივლდნენ მამლები. - დაე გაიგოს! დაე გაიგოს!

ამბავი სწრაფად გავრცელდა ეზოდან ეზოში, საქათმიდან საქათმეში და ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო.

- მამლისათვის რომ ეჩვენებინათ, თუ რომელი უფრო მეტად გაახდუნა მისდამი სიყვარულმა, ხუთმა დედალმა სულ მთლად შემოიპუტეს ბუმბული, - ყვებოდნენ იქ, - ბოლოს კი მთელი ჩვენი ჯიშის სამარცხვინოდ და საზარალოდ ერთმანეთი სასიკვდილოდ დაკორტნეს!

დედალმა, რომელმაც შემთხვევით ერთი ბუმბული დაკარგა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ ისტორიას მის შესახებ ყვებოდნენ, თქვა:

- მე ისინი ყველანი მეჯავრებიან! სამწუხაროდ ასეთები ბევრნი არიან, ამიტომ ამ ამბის წაყრუება არ შეიძლება! მე ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ისტორია გაზეთში გამოქვეყნდეს! ასეთი დედლები არცხვენენ თავიანთ ჯილაგს და ღირსნი არიან, ისინი მთელმა საზოგადოებამ გაკიცხოს!

გაზეთებში მართლაც გამოქვეყნდა მთელი ეს ისტორია, რომელიც სრული ჭეშმარიტება გახლავთ: როგორც ხედავთ,  სულ არ ყოფილა ძნელი ერთი პაწია ბუმბულის მთელ ხუთ დედლად ქცევა.

 

                                                                     




Hosted by uCoz